თენგიზ შარმანაშვილი - კანონმდებლობა პატიმრისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ლევან ხაბეიშვილს გავლენის მოხდენა შეეძლო, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეიძლება
კანონმდებლობა პატიმრისთვის შეზღუდვების დაწესებასაც ითვალისწინებს. გამოძიებამ ჩათვალა, რომ ლევან ხაბეიშვილს გავლენის მოხდენა შეეძლო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება და თუ არ დასაბუთდება, რატომ შეეზღუდა უფლებები, ეს შეზღუდვები მოეხსნება.
„კანონმდებლობა პატიმრისთვის შეზღუდვების დაწესებასაც ითვალისწინებს. ციხეში სხვებიც სხედან, ვისაც შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ დანაშაულის თავში ჩამონათვალია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, გამოძიების მოთხოვნით, პატიმარს შეეზღუდვა დაუწესდეს. ეს ყველაფერი კანონმდებლობაში წერია? წერია. ანუ, ეს ყველაფერი კანონის შესაბამისია და აბა, რა გინდათ? გამოძიებამ ჩათვალა, რომ მას გავლენის მოხდენა შეეძლო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საჩივრდება თუ არა, ეს გადაწყვეტილება? საჩივრდება. თუ არ დასაბუთდება, რატომ შეეზღუდა უფლებები, მაშინ შეზღუდვები მოეხსნება. ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი. მისმა ადვოკატმა გაასაჩივროს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.