თენგიზ შარმანაშვილი – ისლანდია მცირერიცხოვანი, საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკიაა

12:15, 01.09.2026

ისლანდიაში ალბათ შეშინებული არიან, რომ ევროპარლამენტის მიერ დაწესებულ მიგრაციულ რეგულაციებს თუ გაჰყვებიან, ამან, შეიძლება, დემოგრაფიული დისბალანსი გამოიწვიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისლანდია დელიკატურობის გამო ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტკაზე არ საუბრობს.

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ევროპაში ყველაფერი გამჭვირვალეა, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. როდესაც ქვეყნები თავიანთ ინტერესებს იცავენ, ზოგჯერ კარტებს ბოლომდე არ ხსნიან და არ გეუბნებიან ყველა იმ მიზეზს, რის გამოც რაღაცაზე თავს იკავებენ. ისლანდია მცირერიცხოვანი და საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, მიგრაციის საკითხია. ისინი, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ალბათ ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც შეშინებულები არიან, რამაც შეიძლება, დემოგრაფიული დისბალანსი გამოიწვიოს, თუ ისინი სრულად გაჰყვებიან ევროპის ბიუროკრატიის და ევროპარლამენტის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. ამაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც კი მიუთითებს ევროკავშირს, რომ არასწორი პოლიტიკა გაქვთ და კრახამდე მიგიყვანთ, თუ ასე გააგრძელებთო. სუვერენიტეტის შენარჩუნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური საკითხები ისლანდიას ადარდებს, ხოლო რაზეც დელიკატურობის გამო ხმამაღლა არ ლაპარაკობს, ალბათ მიგრაციის საკითხია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 52.8%-მა, ხოლო 47.2%-მა მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი.

მსგავსი