თენგიზ შარმანაშვილი – იმედია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში წვლილს შეიტანს, ყველა საკითხის განსახილველად მზად ვართ

13:51, 31.07.2026

იმედია, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში თავის წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო ამერიკასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ურთიერთობისთვის ღია ვართ, მათ შორის ყველა საკითხის განსახილველად. კარგად გვესმის, რომ დიდ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მას ჩვენი აზრები მოვახვიოთ თავს, არამედ საუბარია იმაზე, დიდ პარტნიორს ის მინიმალური სტანდარტები გავაგებინოთ, რაც ჩვენს გადარჩენას ეხება. კერძოდ, როგორ ვუყურებთ, რომ საქართველო ფიზიკურად გადარჩეს და ჩვენი იდენტობა არ იყოს შელახული. საკითხებზე ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს და მზად ვართ, ვითამამშრომლოთ. დარწმუნებული ვარ, აქედან რაღაც გამოვა. ამის ამერიკელებსაც რომ არ სჯეროდეთ, აქ არც ვინმეს გამოაგზავნიდნენ და არც სხვა ნაბიჯებს გადადგამდნენ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს. ემი დიაზთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკვე გამართა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს.

მსგავსი