თენგიზ შარმანაშვილი – ღარიბაშვილს ჩხრეკისას სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება ვერ შეძლო, ზურგში დანა თავად ჩაირტყა და რაც მალე გააცნობიერებს, უკეთესი იქნება
სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ნარატივში ჩაჯდა, რაც ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციონერებმა შემოგვთავაზეს. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით, მასთან სახლში ხუთი მლნ დოლარი შევიტანეთ, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არცერთი ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, შემდეგ ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული დანაშაული აღიარა.
„მან ზურგში დანა თავად ჩაირტყა და ამას რაც მალე გააცნობიერებს, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის? კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავატყით, როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რაც ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა?“ – აღნიშნა შარმანაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები, მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“.