თენგიზ შარმანაშვილი - ევროსაბჭოსგან ახალს არაფერს ველოდებით, დაკვეთა აქვთ, ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით მოამზადონ დასკვნები და ამ პროცესს გააგრძელებენ
თენგიზ შარმანაშვილი - ევროსაბჭოსგან ახალს არაფერს ველოდებით, დაკვეთა აქვთ, ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით მოამზადონ დასკვნები და ამ პროცესს გააგრძელებენ

ევროსაბჭო ახალს არაფერს ამბობს, ყალბ დასკვნებზე რეზოლუციების მომზადება საინტერესოც აღარ არის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარს ამიტომაც ვამბობთ. ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.

„რეალობაზე დაფუძნებულ საკითხებს როცა განიხილავ, სწორია, მაგრამ აბსოლუტურად ყალბ საფუძვლებს როცა ხედავ, რაც მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს აქვთ, რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობას აზრი არ აქვს. მათგან ახალს არაფერს ველოდებით. დაკვეთა აქვთ, ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით მოამზადონ დასკვნები და ამ პროცესს გააგრძელებენ. ისინი ქაოსს გვთავაზობენ. თურმე თვალი უნდა დავხუჭოთ მათ რევოლუციების მცდელობაზე, საშინაო საქმეებში ჩარევაზე და ქვეყანაში „შავი ფული“ შემოვატანინოთ. ქაოსისა და საომარ ვითარებაში თავით გადაშვებისკენ გვიბიძგებენ. ჩვენ ხელისუფლებაში ქვეყნის დასანგრევად არ ვართ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.