თენგიზ შარმანაშვილი – ეუთო-ს დასკვნიდან ის გამომდინარეობს, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამას არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ ამბობენ, რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არიან

13:14, 14.07.2026

ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა განპირობებული  იქნება მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი ინტერესია ის, 2028 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-იდან დამკვირვებლები იქნებიან თუ არა.

„ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ურთიერთობა გვექნება და იმედია, ისინი რეალისტურ ნაბიჯებს გადმოდგამენ და სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. ასე თუ იქნება, ჩვენი მხრიდან ჩვენი საპასუხო ნაბიჯები არ დააყოვნებს. თქვენ არ წარმოიდგინოთ, რომ „დიფ სთეითი“ ვიწრო დაჯგუფებაა. უზარმაზარი საფინანსო და პოლიტიკური გავლენების მქონე დაჯგუფებებია. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ისინი სხვადასხვა სახის საპარლამენტო ასამბლეაზე ზეწოლას ახდენენ. პარლამენტებზე გავლენები აქვთ. ეუთო-ს დასკვნაში საქართველოს თაობაზე გაცილებით ნაკლები სიმძაფრეა, ვიდრე თუნდაც ჩვენს სამეზობლოში ჩატარებულ არჩევნებზე. ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებთანაც კი. ცალსახად იყო ნათქვამი, რომ არჩევნები შემდგარი იყო. ახლა ორი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი გაეყალბებინათ. მათი დასკვნიდან ის გამომდინარეობს, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ამას ორი წლის შემდეგ ამბობენ. რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

მსგავსი