თენგიზ შარმანაშვილი - ეჭვი მეპარება, პარტიის განახლების რესურსი არსებობდეს ჟორჟოლიანში, სააკაშვილი თავისი თანაგუნდელებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს
თენგიზ შარმანაშვილი - ეჭვი მეპარება, პარტიის განახლების რესურსი არსებობდეს ჟორჟოლიანში, სააკაშვილი თავისი თანაგუნდელებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს

სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ, დირექტივებზე არიან დამოკიდებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ნანუკა ჟორჟოლიანი თუ განახლების სიმბოლოა, სიკეთეში მოიხმარონ. 48 საათის წინ რომ მეთქვა, მიხეილ სააკაშვილი არათანმიმდევრულ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებსო, წარმოგიდგენიათ, თინა ბოკუჩავა რას მიზამდა? – გამოვიდოდა და იტყოდა, რომ პროპაგანდისტი ვარ და მათ საყვარელ პრეზიდენტზე სიცრუეს ვავრცელებ. ეს ხალხი დამოკიდებულია უცხოურ გავლენებზე და საკუთარი მოსაზრებები არ აქვთ. უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ აღმასრულებელი არიან. ეს ყველაფერი მათ კრახამდე მიიყვანს. ვერ დავინახე რესურსი იმ განახლებაში, რასაც ვითომ ძველი და ახალი სახის წარმოჩენით გვთავაზობენ. რა ვიცი, შეიძლება, რაიმე გამომეპარა, მაგრამ ეჭვი მეპარება, განახლების რესურსი არსებობდეს ჟორჟოლიანში. სააკაშვილი თავისი თანაგუნდელებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. მთავარი შეცდომაა იმაზე საუბარი, თითქოს რასაც ვუყურებთ, შიდა პარტიული პოლიტიკური პროცესია – სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ, დირექტივებზე არიან დამოკიდებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“.