თენგიზ შარმანაშვილი - „დიფ სთეითს“ დიდი ზეგავლენა აქვს ევროპის სხვადასხვა პარლამენტებზე, ამ უსამართლობას, დიდი ხანია, ვებრძვით
თენგიზ შარმანაშვილი - „დიფ სთეითს“ დიდი ზეგავლენა აქვს ევროპის სხვადასხვა პარლამენტებზე, ამ უსამართლობას, დიდი ხანია, ვებრძვით

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დათქმები აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელია, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყველაფერი მხოლოდ აღქმებზე და გამრუდებულ პოლიტიკურ სურვილებზე ყოფილიყო დაფუძნებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ უსამართლობას, დიდი ხანია, ებრძვის, მთავარი კი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ამომრჩევლის ნების აღსრულებაა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დათქმები აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელია. არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიმართული იქნებოდა არჩევნების გაყალბების მასალების წარმოდგენისკენ, არ ყოფილა. მთელი ამ დროს განმავლობაში არ ყოფილა – და არც ვთვლიდით, რომ იქნებოდა – მოყვანილი. ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყველაფერი მხოლოდ აღქმებზე და გამრუდებულ პოლიტიკურ სურვილებზე ყოფილიყო დაფუძნებული. სამწუხაროდ, მათ ეს მოახერხეს, ვინაიდან „დიფ სთეითს“ საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს ევროპის სხვადასხვა პარლამენტზე. ამას არაფერიც არ მოჰყვება. ამ უსამართლობას, დიდი ხანია, ვებრძვით, მთავარი ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა და ჩვენი ამომრჩევლის ნების აღსრულებაა. ჩვენ ამომრჩევლის ნების აღსრულებას გავაგრძელებთ, ჩვენი კურსი ვერ შეიცვლება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

რაც შეეხება ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროსაბჭოში რეზოლუციაზე უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთობლივად მუშაობდა, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინასთან მიმართებაში არაფერი შეშლია.

„ასობით რეზოლუციას შევუერთდით, რომელიც გმობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ასობით რეზოლუციას შევუერთდით, სადაც ოკუპაციის საკითხი და ძალადობები იყო გაპროტესტებული. ნგრევა, რომელიც უკრაინელ ხალხს თავს დაატყდა, იყო გაპროტესტებული და ყველაფერს ამას ვუერთდებოდით. ერთადერთი, რასაც არ შევუერთდით და ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ საომარ ვითარებას საქართველოში არ შევქმნიდით, მეორე ფრონტს არ გავხსნიდით. სხვა დანარჩენ ყველა საკითხში უკრაინელი ხალხის გვერდით ვიყავით. ძალიან ცუდია, მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდა და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, მათი მხრიდან ყველანაირი სიბინძურე მოჰყვა, მათ შორის, ესეც ერთ-ერთი ამის გამოძახილია. ეს პირველიც არ არის, საქართველოდან ელჩი გაიწვიეს ერთადერთი რამის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ, რაც ყოვლად წარმოუდვენელი ნაბიჯი იყო. მერე, ჩვენი ელჩი გამოაგზავნეს კონსულტაციებისთვის, რაც უპრეცედენტოა და თითქმის ვერ გაიხსენებთ ასეთ ფაქტს მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. ყველანაირი ნაბიჯის გადადგმის მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ვაგრძელებთ. ჩვენ ამ გასაჭირში უკრაინელი ხალხის გვერდით ვიქნებით და ცალკეული პოლიტიკოსების არასწორი ნაბიჯები ჩვენი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ვერ შეარყევს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.