თენგიზ შარმანაშვილი - დასრულდეს ჩორჩანის თემაზე საუბარი ან ჩვენ მეტ დეტალზე ვისაუბრებთ, რადგან ამდენი ტყუილის მოსმენა შეუძლებელია
ჩვენ ჩორჩანის ტერიტორია კი არ დავკარგეთ, არამედ ამ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლი. მანამდე, ვიდრე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო გაიხსნებოდა, ეფექტიანი კონტროლი არსებობდა, რაც უამრავი ფაქტით დასტურდება, – ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მილიონ კვადრატულ მეტრზე დაკარგა ეფექტიანი კონტროლის განხორციელების საშუალება და არა ტერიტორია.
„ამ ტერიტორიაზე, სიმაღლეებზე არ არსებობდა საგუშაგოები, ახლა ისინი მთლიანად სეპარატისტებს აქვთ დაკავებული. მანამდე ამ ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდნენ მოძრავი საგუშაგოები, ახლა კი დადიან. ამდენი ტყუილი ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრდეს? გვჯერა, დადგება დრო, როდესაც მოხერხდება ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ეს მთავრობის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკით მოხდება. ის, ვინც ამაზე კიდევ საუბრობს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ მათი თემა არ არის. ჩორჩანის თემაზე საუბარი ან დასრულდეს, ან ჩვენ კიდევ მეტ დეტალზე ვისაუბრებთ, რადგან ამდენი ტყუილის მოსმენა აბსოლუტურად შეუძლებელია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.