თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენი ლეგიტიმური მიზანია, ქართული პოლიტიკური სივრცე დაცული იყოს უცხოური გავლენისგან, ფეხბურთის რეპორტაჟით უცხოური გავლენა არ გატარდება
სადაც შეიძლება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიზანმიმართულად მოხდეს და ამას უცხოური თანხა ახდენს, ეს სახელმწიფოსთვის სარისკოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რატომ შეუძლია უცხოური დაფინანსების მიღება ფეხბურთის ან კონცერტის გადამცემ ტელევიზიას.
„ეს ის გადაცემები არ არის, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ. ეს ისეთი სახის გადაცემებია, სადაც ადამიანებს თავისუფალი დროის გატარება შეუძლიათ. იქ, სადაც შეიძლება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიზანმიმართულად მოხდეს და ამას უცხოური თანხა ახდენს, ეს სახელმწიფოსთვის სარისკოა. ამიტომ არის ეს საკითხი გამიჯნული. ჩვენი ლეგიტიმური მიზანია, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე დაცული იყოს უცხოური გავლენისგან. ფეხბურთის რეპორტაჟით უცხოური გავლენა არ გატარდება. თუმცა იქ, სადაც ცრუ ნარატივის გატარება შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავს დაიცავს. სპეკულაციაა იმაზე ისაუბრო, უცხოური დაფინანსების მიღება ფეხბურთის ან კონცერტის გადამცემ ტელევიზიას რატომ შეუძლია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, „სპეციალიზებული მაუწყებლები“ უცხოური დაფინანსების მიღებას შეძლებენ და მათთვის არსებული შეზღუდვა მოიხსნება.