თენგიზ შარმანაშვილი - ბევრი შემმოწმებელი ჩამოვიდა და მადლობას გვიხდიდნენ, რომ სანქციების რეჟიმს ვიცავთ, ევრობიუროკრატიას საქართველოს იმიჯის შელახვა სურდა, ყალბ ნარატივებს ავრცელებდნენ
საქართველოში ბევრი შემმოწმებელი ჩამოვიდა და მადლობას გვიხდიდნენ, რომ სანქციების რეჟიმს ვიცავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყულევის ნავთობის ტერმინალთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ევრობიუროკრატიას საქართველოს იმიჯის შელახვა სურდა და ყალბ ნარატივებს ავრცელებდნენ.
„პრობლემები არ არსებობს. დამატებითი ვალდებულებები საჭირო არ იყო, მაგრამ თუ ჩვენმა წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ ვალდებულებების შესრულება გაგრძელდება და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეს სხვა მხარეა. მათგან ბევრი შემმოწმებელი ჩამოვიდა საქართველოში და მადლობას გვიხდიდნენ, რომ ამ რეჟიმს ვიცავთ. ევრობიუროკრატიას საქართველოს იმიჯის შელახვა უნდოდა, „კამიტიდან“ დაწყებული, სხვა ყალბ ნარატივებს ავრცელებდნენ, შემდეგ იძულებული იყვნენ, ნაბიჯი უკან გადაედგათ, როცა მტკიცებულება არ ჰქონდათ“, – განუცხადა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.