თენგიზ შარმანაშვილი – ბარამიძის განცხადება იყო საფრთხის შემცველი, საქართველოს წინააღმდეგ წაეყენებინათ პრეტენზიები, რომ მასობრივად ხდებოდა სამხედრო დანაშაული

12:17, 12.09.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ის დაკავებულია, საფრთხის შემცველი და ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ყურადღება მივაქციოთ პროკურატურის განცხადებას. ამ განცხადებაში ჩვენთვის მთავარი იყო ის, რაც პროკურორმა განაცხადა, რომ „არ დადგინდა ფაქტი დახვრეტებისა ქართულ-აფხაზური ამ ცნობილი მოვლენების დროს, რომელიც მაშინ, 90-იან წლებში ხდებოდა“. გამოძიებამ მოაგროვა მასალები და ასეთი ფაქტი არ დადგინდა. მთავარი საფრთხის შემცველი, რაც ბარამიძემ ამ განცხადებით გააკეთა, იყო ის, რაც თქვა, რომ დახვრეტები მიმდინარეობდა. პირველ განცხადებაში თქვა, რომ ამას აკეთებდა ჩვენი არმია, შემდეგ თქვა, არა, არმია არ აკეთებდა, ამას თვითონ მოსახლეობა აკეთებდაო. ეს განცხადება ორივე შემთხვევაში იყო დიდი საფრთხის შემცველი, საქართველოს წინააღმდეგ წაეყენებინათ პრეტენზიები, რომ მასობრივად ხდებოდა სამხედრო დანაშაული და ამას აღიარებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელი იყო, რომ არა ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ეს ყველაფერი მოხდა, ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ეს იქნებოდა მისი წამოცდენა ან არასწორი ნათქვამი. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა რომ თავში ხელს ირტყამენ, მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი კიდევ იმ თემაზე ლაპარაკობდა, თითქოს ეროვნულ ინტეგრაციას ხელს უშლის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ეს პრობლემა უნდა მოვიშოროთ. ასე რომ, გია ბარამიძე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს იმისთვის, რაც გააკეთა. მას აქვს სრული უფლება, სასამართლო პროცესზე თავი იმართლოს და თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არაკაცებად მოიხსენიებენ ვეტერანებს, რადგან მათი სარჩელის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, – შარმანაშვილის თქმით, „იმ ბიჭების არაკაცებად გამოცხადება, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესებისთვის სისხლი დაღვარეს, მართლაც წარმოუდგენელი არაკაცობაა“.

„ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თითი თითზე არ დაუკარებიათ, ახლა იმ ადამიანებს მიუტრიალდნენ, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ. ბარამიძის განცხადებაზე ვისაც პრეტენზია ჰქონდა, მათ არაკაცები ეძახონ, მართლა არაკაცები უნდა იყვნენ. ვეტერანები პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე აფხაზეთსა და ცხინვალის მიდამოებში იბრძოდნენ და საქართველოს ინტერესებსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

მსგავსი