თენგიზ ნასარიძე ესტონეთის რეგიონული ურთიერთობებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
თენგიზ ნასარიძე ესტონეთის რეგიონული ურთიერთობებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მადის კალასს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე.

თენგიზ ნასარიძემ მადის კალასს საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება ევროინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებთან – ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა. ევროინტეგრაციის გზაზე ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში განვახორციელოთ ცვლილებები; ვმუშაობთ სოფლის განვითარების სააგენტოს გარდაქმნის, მიწის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ინტეგრირებული სისტემის, ფერმერთა რეესტრის ევროპული პრაქტიკით წარმოების საკითხებზე და ამ კუთხით პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.