თენგიზ ფხალაძე - კონსოლიდირებული ძალისხმევით მოხერხდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ
თენგიზ ფხალაძე - კონსოლიდირებული ძალისხმევით მოხერხდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციასა და აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება.

მისი თქმით, ამაზე საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია და  მსგავსი მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღება სწორედ კონსოლიდირებული ძალისხმევით მოხდა.

„დღეს არსებული მშვიდობიანი მექანიზმები და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოხერხდეს არსებული ვითარების გარდატეხა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება, რათა იქ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ის უმძიმესი ყოფა, რაც დღევანდელ დღეს იქ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერაა შექმნილი“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.