თენგიზ ცერცვაძე - ყველას გვინდა, ვიცოცხლოთ და იყოს დაბალი სიკვდილობა, ამის პირდაპირი გზა არის, რომ მომართოთ კლინიკებს კოვიდის დადასტურებიდან პირველი ათი დღის განმავლობაში
თენგიზ ცერცვაძე - ყველას გვინდა, ვიცოცხლოთ და იყოს დაბალი სიკვდილობა, ამის პირდაპირი გზა არის, რომ მომართოთ კლინიკებს კოვიდის დადასტურებიდან პირველი ათი დღის განმავლობაში

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ძირითადი მიზეზი არის თავად „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა, ვაქცინაციის დაბალი ტემპი და კლინიკაში დაგვიანებული მიმართვიანობა.

„ვაქცინაცია ათჯერ ამცირებს გარდაცვლილთა რაოდენობას და თუ დღეს ჩვენ გვყავს 70 გარდაცვლილი დღეში, ჩვენ რომ ვიყოთ ვაქცინირებული ქვეყანა, გვეყოლება სულ ექვსი-შვიდი გარდაცვლილი, მაგრამ ეს ცოტა გრძელვადიანი პროცესია ვაქცინაციის მიღწევა. დღეისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარდაცვალების მაღალი რიცხვის არის დაგვიანებული მომართვა, როდესაც ავადმყოფებს აქვთ სიმპტომები და არ იკეთებენ ტესტს, ან იკეთებენ გვიან და გვიან იგებენ, რომ კოვიდი აქვთ. მანამდე იმედი აქვთ, რომ კოვიდი არ არის და გაციებაა, ან კიდევ უარესი, მათ იციან, რომ კოვიდი აქვთ, ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ შენ დამძიმების რისკი გაქვს და უნდა მიმართო კლინიკას, მაგრამ ისინი არ მომართავენ კლინიკას. როგორც ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი და მკურნალი ექიმი გეუბნებით, რომ ჩვენთან ავადმყოფების უდიდესი უმრავლესობა შემოდის დაავადების დაწყებიდან ათი დღის შემდეგ, როცა უკვე დამძიმებულია მდგომარეობა და ბევრი პირდაპირ რეანიმაციაში ხვდება, პირდაპირ ინტუბაცია უწევს და ამიტომაა სიკვდილიანობა მაღალი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის მკურნალობა ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.

„ჩვენ მოვახდინეთ მკურნალობის პროცესის მაქსიმალური ოპტიმიზაცია. დღე საქართველოში კოვიდს ვმკურნალობთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, რაც მოიცავს იმას, რომ ჩვენ შემოვიტანეთ უახლესი, ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტები რემდესივირი,   ბარიციტინები, ტოცილიზუმაბი, ორი სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულები. ძნელია ასეთი პირობის და გარანტიის მიცემა, მაგრამ ძალიან სერიოზულ იმედს ვაძლევ იმ პირებს, ვინც მოგვმართავს კლინიკაში პირველი რვა-ათი დღის განმავლობაში, სასურველია, პირველი რვა დღის განმავლობაში, გარანტირებულად ისინი მიიღებენ ისეთ მკურნალობას, რომ მათგან შეიძლება ერთეული გახდეს რეანიმაციაში მისაყვანი და საინტუბაციო. ჩვენს საავადმყოფოში ძალიან დიდი ხანია, ვინც მოგვმართა პირველ ათ დღეში ვუმკურნალეთ ისე, რომ ის განიკურნა თერაპიურ განყოფილებაში. არც ერთი მათგანი თვეზე მეტი გავიდა არ გამხდარა სარეანიმაციო და მით უმეტეს არ დამდგარა ლეტალური შედეგი.

მოსახლეობას მივმართავ, ყველას გვინდა, რომ ვიცოცხლოთ, ყველას გვინდა, რომ იყოს დაბალი სიკვდილობა. ამისი პირდაპირი გზა არის, რომ მომართოთ კლინიკებს პირველი ათი დღის განმავლობაში. ზოგიერთები მეუბნებიან, ეს გაზრდის ისედაც დატვირთულ კლინიკურ სექტორს. ნუ გეშინიათ ამის, ჯერჯერობით კლინიკურ სექტორს რესურსი აქვს და მეორეც, თუ დროზე მოგვმართავთ, რამდენიმე დღეში განიკურნებით და ეს კი არ გაზრდის დატვირთვას, არამედ პირიქით, შეამცირებს, რადგან ასეთი ავადმყოფები დიდხანს არ დარჩებიან კლინიკაში და არ წავლენ რეანიმაციაში და რეანიმაციები განიტვირთება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი