თენგიზ ცერცვაძე - ვინც არ აიცრება, ამით ის რისკის ქვეშ აყენებს სხვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას
თენგიზ ცერცვაძე - ვინც არ აიცრება, ამით ის რისკის ქვეშ აყენებს სხვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მესამე ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციით და ამავე დროს, რეკომენდაციების დაცვით.

„ევროპის ქვეყნებში უკვე დაიწყო ან ახლოს არიან მესამე ტალღასთან, საქართველოში ჯერ ვერ ვიტყვით. მოლოდინი არის, მაგრამ ჯერ მხოლოდ მცირე ტენდენციაა მატების. ამის გამო, ჯანდაცვის სისტემის მესვეურები გამოთქვამენ გარკვეულ სიფრთხილეს, რომ თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ მივიღებთ საჭირო ზომებს, შესაძლოა, საქართველო დადგეს მესამე ტალღის წინაშე. რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ, პირველი – უარი უნდა ვთქვათ ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმზე, ჩავერთოთ ვაქცინაციის ფართომასშტაბიან კამპანიაში, რათა მასობრივად ხდებოდეს მოსახლეობის აცრა; მეორე – პირბადის ხმარება და სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით 100 ცნობადი სახის აცრას, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ კამპანიას მიესალმება.

„მივესალმები ამ კამპანიას. ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს საქართველოში, სადაც ვაქცინაციის მიმართ უპრეცედენტო სკეპტიციზმი და ძალიან დაბალი აქტივობაა, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ. ეს რაღაც უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს საზოგადოების დარწმუნება.  საზოგადოებრივი აზრი ცალსახად უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა აიცრას, ხოლო ის, ვინც არ აიცრება, ამით უარს ამბობს საზოგადოების წინაშე თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაზე. რაც შეეხება 100 ცნობადი სახის აცრას, საერთოდ, ცნობადი პირების მაგალითი ყველგან მუშაობს, ყველაფერში მუშაობს“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არ უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა საზოგადოებას კარგად უნდა განემარტოს, რომ ვინც არ აიცრება, ის რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩემი ინიციატივა იყო, რომ აცრა ყოფილიყო სავალდებულო. მე არ მახსოვს და თუ ვინმე მანახებს ასეთ აუდიოჩანაწერს, საინტერესო იქნება ჩემთვისაც. მე არასოდეს არ გამიკეთებია აქცენტი სავალდებულოობასა და იძულებაზე. ყველგან, ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს, რომ ეს უნდა იყოს მასობრივი აცრა. ეს უნდა იყოს მკაცრად რეკომენდებული, მაგრამ არა -სავალდებულო. ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მარტო თავის ჯანმრთელობას არ აყენებს რისკის ქვეშ, ის რისკის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებს, ხანდაზმულებს და სხვადასხვა რისკ-ჯგუფს, რომლებიც შეიძლება გახდნენ ავად. ვაქცინაცია არის თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტი და მისი პირადი თავისუფლება არ უნდა დაირღვეს, მაგრამ მკაცრად უნდა იყო რეკომენდებული, დაბეჯითებით განმარტებული, რომ ამით ის  რისკის ქვეშ აყენებს სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.