თენგიზ ცერცვაძე - ვარაუდობენ, რომ ვაქცინები „ომიკრონისგან“ ნაწილობრივ იცავს, განსაკუთრებით იცავს, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა, ორჯერადად აცრილებს მოვუწოდებ, გაიკეთონ ბუსტერიც
თენგიზ ცერცვაძე - ვარაუდობენ, რომ ვაქცინები „ომიკრონისგან“ ნაწილობრივ იცავს, განსაკუთრებით იცავს, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა, ორჯერადად აცრილებს მოვუწოდებ, გაიკეთონ ბუსტერიც

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული ორივე პირი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ომიკრონის“ შტამით დაინფიცირების ორი შემთხვევა გვაქვს. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა ტესტები. როგორც ვიცი, ერთი ვაჟი და ერთი ქალია. ერთი მაიამიდანაა და მეორე დუბაიდან. ორივესთან ამჟამად დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. იმყოფებიან ბინაზე, იზოლაციაში და დაკვირვების ქვეშ. რაიმე სპეციფიური მკურნალობა არ მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ გავრცელდება საქართველოში. მიკვირს, რომ აქამდე არ გავრცელდა, ალბათ საზღვარზე კარგად იცავდნენ წესებს.

მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, აქაც გავრცელდება. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, ბოლომდე არ ვიცით შტამის თავისებურებების შესახებ, მაგრამ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არც ბოლო გამოწვევაა და მას უნდა შევხვდეთ როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, პანიკის გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, მოსალოდნელია „ომიკრონის“ უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე ეს იყო დელტა შტამის შემთხვევავში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაბამისად, მოსალოდნელია კლინიკურ სექტორზე დატვირთვის გაზრდაც.

„ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, ამ მიმართულებით პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, ეფექტურია თუ არა არსებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ, ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდია, რომ ვაქცინები ნაწილობრივ იცავს ადამიანს, განსაკუთრებით ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ.

„პრობლემაა, იცავს თუ არა ვაქცინები „ომიკრონისგან“. ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით იცავს, თუ გაკეთებული გაქვს მესამე, ბუსტერ დოზა. ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, ყველას მოვუწოდებ, გაიკეთოს მესამე ბუსტერიც. ვაქცინაცია, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. და მეორე, პირბადის გამოყენება მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა. ვაქცინებზე, „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ ჯერ არ ჩატარებულა კვლევა, რამდენად ეფექტურია „ომიკრონის“ შტამზე. მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ შესულა.

არის მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები. როგორც კი შესაძლებელი იქნება „ომიკრონის“ ტესტების შემოტანა, ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს. ამაზე მეტ დეტალს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფლობს. ყველა შტამი პრინციპულად დიდად არ განსხვავდება სიმპტომებით ერთმანეთისგან. განსხვავებაა ნიუანსებში, მაგალითად, „ომიკრონის“ შემთხვევაში ჭარბობს სურდო, თავის ტკივილი, ძლიერი სისუტე. როგორც უცხოური წყაროები ამბობენ, ამ შტამს ნაკლებად ახასიათებს ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა და ნაკლებად ახასიათებს ტკივილი მთელ სხეულში (სახსრების, კუნთების), შედარებით ნაკლებია ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერავინ გადაწყვეტს, დელტა შტამია, თუ „ომიკრონი“, ეს ლაბორატორიულად დადგინდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.