თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება, გაოგნებული ვარ
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება, გაოგნებული ვარ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი პირდაპირ საბოტაჟს უწევს საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს. ცერცვაძე ამბობს, რომ გაოგნებულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით.

„ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს სამი ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი.

დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 პროცენტიან აცრას. ჩვენ სულ 20 პროცენტი გვყავს სრულად ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 პროცენტი ჰყავს სამჯერ აცრილი. საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან, წირავენ სასიკვდილოდ. პირდაპირ საბოტაჟს უწევს მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი