თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი, პრევენციის ყველა ზომა უნდა დარჩეს ძალაში
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი, პრევენციის ყველა ზომა უნდა დარჩეს ძალაში

არის ძალიან დიდი გარანტიები, რომ ვაქცინის დაგვიანების ორ-სამ კვირიანი ეპიზოდი უბრალოდ დარჩება არასასიამოვნო მოგონებად, მაგრამ არ მოახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში პანდემიის დინამიკაზე, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინა არის პანდემიის შეჩერებისა და პრევენციის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი.

„მით უმეტეს, რომ ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მას შემდეგ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სტაბილური მდგომარეობა, შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ყოველდღიურად 400-სს. ეს ძალიან ცოტაა თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ასევე მინიმალურია გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი და ამას ყველაფერს სჭირდება გამყარება ორი ფაქტორით – ერთი ვაქცინით, რაც არის პანდემიის დამთავრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ახალი შემთხვევების პრევენციის. ვაქცინა არის პანდემიის შეჩერებისა და პრევენციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი და ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რადგან ვაქცინა, რომ შემოვა, არ ვიყოთ მხოლოდ ვაქცინის იმედზე. ანუ ვიღაცამ არ გადაწყვიტოს, რომ ვაქცინა შემოვიდა, ვაქცინაცია დაიწყო და დანარჩენმა ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა და შეგვიძლია, რაც გვინდა ის გავაკეთოთ. არა, ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის, რომელსაც აქამდე ვუწევდით რეკომენდაციას და რომელიც აუცილებელი იყო, რჩება. თვით ისრაელსაც, რომელმაც მოსახლეობის ყველაზე მეტი მასა აცრა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ისრაელს მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია დაიწყო, გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეში 4 000-მდე  ყოველდღიური შემთხვევა აქვს. ამ დროს ისრაელი ჩვენზე მოსახლეობით ორჯერ დიდია. მარტო ვაქცინაცია არ არის საკმარისი, რადგან ყველას ვაქცინირებას ვერ მოახდენ, თვით ისრაელმა და განვითარებულმა ქვეყნებმა ყველას ვაქცინირება ვერ შეძლეს და ვერც მოახერხებენ, რადგან მოსახლეობის ნაწილი არ გაიკეთებს ვაქცინას. ასევე, ბავშვებს ვაქცინა არ უკეთდებათ, ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას კოვიდინფექციისგან და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულებისას მაინც დაემართება ეს ინფექცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამასთან, არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პანდემიის სრული დამარცხება მხოლოდ ეფექტიანი ვაქცინითა და ეფექტიანი მედიკამენტის ერთდროული გამოყენებით მოხერხდება.

„ზოგიერთი ახალი შტამი – ბრაზილიური ან სამხრეთ აფრიკული, შესაძლოა, მთლად არ დაექვემდებაროს იმუნიტეტის განვითარებას, თუმცა ეს ბოლომდე ეს არ არის ცნობილი. მაინც ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პანდემიის დამარცხებისა და პრევენციის, მაგრამ არა ერთადერთი, ამიტომ, პრევენციის ყველა ზომა უნდა დარჩეს ძალაში. ეს არის: პირბადეების სავალდებულო ტარება, ერთი წუთითაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო ან დამთავრდა და პირბადეების ტარება აღარ არის საჭირო. პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის შეკავება საჭიროა, ვიდრე პანდემია არ იქნება საიმედოდ დამარცხებული. იმისთვის, რომ პანდემიაზე სრულ გამარჯვებას მივაღწიოთ, მედიცინას ძალიან გვჭირდება პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. მხოლოდ ამ ორი ფაქტორის კომბინაციით – ეფექტიანი ვაქცინით, რომელიც უკვე გვაქვს და ეფექტიანი მედიკამენტის ერთდროული გამოყენებით, მოხერხდება პანდემიის სრული დამარცხება“, – განაცხადა ცერცვაძემ.