თენგიზ ცერცვაძე - უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება, უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია
თენგიზ ცერცვაძე - უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება, უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია

ახალი შტამის გამო არავითარი პანიკა არ არის საჭირო, – ასე უპასუხა „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისათვის, რომ „ომიკრონის“ საქართველოში შემოღწევა მაქსიმალურად გადავადდეს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გეგმურად და მიზანდასახულად ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ამას დაემატოს საკარანტინო ღონისძიებები იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც „ომიკრონი“ ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თუმცა, ეს დროებითი ზომაა. იმიტომ, რომ თუ ეს შტამი ევროპის ყველა ქვეყანაში და აშშ-ში გავრცელდა, საკარანტინო ღონისძიებების ყველას მიმართ განხორციელება შეუძლებელი იქნება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ თუ ეს შტამი ყველგან გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია. დაცვის უნივერსალური საშუალება, უპირველესად, არის პირბადე, რომელიც 100%-ით იცავს როგორც „დელტა“, ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან “, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პანდემიის დაძლევა-დამთავრება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამედიცინო არსენალში ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები გამოჩნდება.

„ვიდრე ასეთი მედიკამენტები არ იქნება, მხოლოდ ვაქცინაციით პანდემია ვერ დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი მოსახლეობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება ვაქცინირებული. თან, ვაქცინა 100%-ით მაინც არ იცავს. ამიტომ, კომბინირებულად უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინები და ახალი მედიკამენტები. ამ ახალი ანტივირუსული მედიკამენტებიდან, დღემდე, გვქონდა მხოლოდ „რემდესივირი“, რომელიც ძალიან კარგი მედიკამენტია “, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმების კრიტიკას, რომ საქართველოში გვიან ხდება კონკრეტული მედიკამენტების და მათ შორის, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს დიდი ტყუილია.

„ამ აზრს ძირითადად, ავითარებს უცხოეთში მცხოვრები ორი ექიმი და მათ მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე. ეს არის დიდი ტყუილი. ჩემს საპასუხო პოსტებში მათ ძალიან არგუმენტირებულად გავეცი პასუხი. მათგან საპასუხო რეპლიკა არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგვეთანხმნენ. უსასრულოდ შეიძლება იმაზე მსჯელობა, ისინი არიან მართალი თუ ჩვენ. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს გამოიყენება ყველაზე თანამედროვე მედიკამენტები. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის დამსახურებით, საქართველოს დღეს აქვს მედიკამენტების არსენალი, რომელიც ყველაზე განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებს აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ავადმყოფების მკურნალობა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დონეზე, ამავე სტანდარტის პროტოკოლებით.

„ეს არის რკინის არგუმენტი, რომ საქართველო, რომელიც არის შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების, ჯანდაცვის საკმაოდ სუსტი სისტემის მქონე და ამასთან, არავაქცინირებული ქვეყანა, ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლით სჯობნის მსოფლიოში უძლიერეს და უმდიდრეს, სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას – აშშ-ს. ამის მერე როგორ და რა სინდისით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენთან პროტოკოლები ან მკურნალობა არ არის სათანადო დონეზე?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად სრულდება ეს პროტოკოლები ყველა კლინიკაში, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ყველა კლინიკაში ალბათ, არ არის ერთნაირად დაცული, მაგრამ მან საშუალო მაჩვენებლები მოიყვანა.

„ყველა კლინიკაში რომ დაცული იყოს, კიდევ უკეთესი მაჩვენებელი გვექნება, უფრო დაბალი სიკვდილობა. ყველა დადასტურებული ავადმყოფიდან, ჩვენთან კვდება 1,43%, ხოლო 98,6% გადარჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი