თენგიზ ცერცვაძე - თუ გავჯიუტდებით, უარს ვიტყვით ვაქცინაზე, გარდაუვალი იქნება შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა, ამას მოყვება სრული, ან ნაწილობრივი ლოქდაუნი
თენგიზ ცერცვაძე - თუ გავჯიუტდებით, უარს ვიტყვით ვაქცინაზე, გარდაუვალი იქნება შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა, ამას მოყვება სრული, ან ნაწილობრივი ლოქდაუნი

თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ინფიცირების დაბალი რიცხვი, შემცირდეს გარდაცვლილთა რიცხვი და შესაძლოა, ნულზე დავიდეს, ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, ადამიანებმა მოინდომონ, უპირველესად, ექიმებმა, რომ დაძლიონ სკეპტიციზმი და ჩატარდეს მაქსიმალური ვაქცინაცია ისე, რომ წლის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის 60-65%.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ფაიზერის“ 30 ათასი დოზა საქართველოში 26 მარტისთვის უნდა ჩამოიტანონ.

ფაიზერზე“ რამდენადაც ვიცი, 26 მარტს უნდა ჩამოვიდეს 30 ათასი დოზა. ჩვენ მოვახერხეთ ეს პერიოდი სტაბილიზაცია. ბოლო ორი თვის განმავლობაში არის სტაბილურად დაბალი მაჩვენებლები. ამის შენარჩუნება შესაძლებელია, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა ვაქცინა და ახლახან დავიწყეთ ვაქცინაცია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავარიდოთ ტემპი და რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია. ამისი ყველა პირობა არის, გვაქვს 40 ათასზე მეტი დოზა, 26-ში შემოდის კიდევ 30 ათასი დოზა და დაგეგმილია ვაქცინის უწყვეტი მოწოდება. მთავარია, ადამიანებმა მოინდომონ, უპირველესად, ექიმებმა, დაძლიონ სკეპტიციზმი და ხელი შეგვიწყონ, რომ ჩავატაროთ მაქსიმალური ვაქცინაცია ისე, რომ წლის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის 60-65%.

დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე. პირდაპირ ვთქვათ – გვაქვს ორი შესაძლო სცენარი და ორი პერსპექტივა. პირველი, რომ დავძლევთ იმ სკეპტიციზმს და უნდობლობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ისედაც იყო საქართველოში და ამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო, გააძლიერა ეს ნეგატიური ტენდენციები ვაქცინის მიმართ. ბოლო ორ დღეში შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. უნდა დაძლიონ ეს სკეპტიციზმი და უნდა ჩაერთონ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში.

დღეში ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანის აცრა მაშინ, როცა ვცრიდით 400-500 ადამიანს, ხოლო იმ შემთხვევის შემდეგ, ასი ადამიანი ძლივს აიცრა. ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, შევინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ რიცხვს, დაიკლებს გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, ნულზე დავიდეს. ამას ავტომატურად მოყვება ყველანაირი შეზღუდვის გაუქმება. ახალი შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ ან უკვე შემოიღო ახალი ლოქდაუნი, ან აპირებს შემოღებას. თუ არ გვინდა ეს იყოს, მაშინ დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გავხსნათ ეკონომიკა, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და აღარ განმეორდეს ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ გადავიტანეთ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუ ვაქცინაციაზე უარს იტყვიან მოქალაქეები, გარდაუვალი იქნება შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდა. ასევე, ცერცვაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს სრული ლოქდაუნიც.

„მეორე სცენარით თუ წავალთ, თუ გავჯიუტდებით და უარს ვიტყვით ვაქცინაზე, მივეცემით სკეპტიციზმს, არ გვექნება ნდობა ვაქცინაციის მიმართ და არ ჩავებმებით კამპანიაში, მაშინ გარდაუვალია შემთხვევების მატება, სამწუხაროდ, ალბათ გარდაცვლილთა ზრდაც. ამას მოყვება შეზღუდვების მატება, სრული ან ნაწილობრივი ლოქდაუნი და უამრავი დისკომფორტი. უნდა დავფიქრდეთ, დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, არ იტყვიან უარს ვაქცინაზე და პირიქით – რიგები იქნება ვაქცინაციის პუნქტებთან და დღეში ჩვენ მოვახერხებთ 3-4 ათასი ადამიანის აცრას.

ახლა იმის შესახებ, რომ ვიღაც იტყვის – არსებობს რისკი და ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა. ძალიან სამწუხაროა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება. მთელი ერი გლოვობს და მათთან ერთად, მთელი სამედიცინო საზოგადოება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ცხოვრებაში ასეთი ერთეული შემთხვევები ხდება. მსგავსი შემთხვევებისგან არც ერთი ქვეყანა და არც ერთი დარგი არ არის დაზღვეული. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, არ შეიძლება ერთი შემთხვევისთვის ქვეყნის ბედი შევაგდოთ სასწორზე. ასეთი შემთხვევა უკიდურესად იშვიათია და ძალიან დიდი ალბათობით ის საქართველოში კიდევ დიდხანს არ განმეორდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.