თენგიზ ცერცვაძე - შვიდი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, თუმცა დამერწმუნეთ, ჩვენი სამსახურები საკმაოდ გამართულია, რათა უცნობი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება
თენგიზ ცერცვაძე - შვიდი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, თუმცა დამერწმუნეთ, ჩვენი სამსახურები საკმაოდ გამართულია, რათა უცნობი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში შვიდი პაციენტია, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერ დადგენილი არ არის.

მისივე თქმით, ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან სხვა ქვეყნებში ასეულობით და ათასობით პაციენტია, ვისი დასნებოვნების წყაროც უცნობია.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულად მუშაობენ, რათა უცნობი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება.

„ცუდია, რომ შვიდი პაციენტია დაუდგენელი წყაროთი, ანუ ჯერ გარკვეული არ არის, ვისგან დაინფიცირდნენ ისინი, მაგრამ ესეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ქვეყნებში ასეული და ათასეული პაციენტია, ვისი დასნებოვნების წყაროც უცნობია. როდესაც ირგვლივ ქვეყნებში ინფექციის ამდენი შემთხვევაა და ჩვენს შიგნითაც არის შემთხვევები, რამდენიმე დაუდგენელი წყარო იქნება, მაგრამ შვიდი არ არის ბევრი. ისინი მაინც დროულად არიან აღმოჩენილი და ჰოსპიტალიზებული. აქაც ერთი დიდი უპირატესობაა, რომ სახლში არავის ვტოვებთ და ყველას ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ.

შვიდი პაციენტის წყარო არ იციან, მაგრამ ამათი მოვლაც ისწავლეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, მიყვებიან მის კვალს, სად გაიარა პაციენტმა ბოლო დღეების განმავლობაში, სად იყო სტუმრად, სად იყო სამსახურში, რომელ ავტობუსში ან სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. დამერწმუნეთ, რომ დღეს ჩვენი შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულია, რათა დაუდგენელი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.