თენგიზ ცერცვაძე - საუბარი, თითქოს არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, ნაკადების მოძრაობის ასეთი სქემა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს
თენგიზ ცერცვაძე - საუბარი, თითქოს არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, ნაკადების მოძრაობის ასეთი სქემა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის შესახებ.

ცერცვაძის თქმით, საუბარი, თითქოს მკურნალობის პროტოკოლი არ არის კარგი, ხდება პაციენტების არასწორი მკურნალობა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ამერიკაში მცხოვრებმა და იქ მოღვაწე ქართველმა ექიმმა, საკმაოდ ცნობილმა ბატონმა ზურაბ გურულმა გააკეთა რიგი შეფასებები, თავისი კომენტარები ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სპექტრის, ექიმების, ჩვენი კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის თაობაზე. ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით არაფერს, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა, ჩვენ არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის, რასაც ბატონი გურული ბრძანებს, სიმართლეა.

ძალიან მოკლედ მინდა შევეხო ორ პროტოკოლს საქართველოში. ერთი, ეს არის თვითონ კოვიდის მართვის პროტოკოლი, ნაკადების მართვის პროტოკოლი, კასკადი. ეს პროტოკოლი თავის თავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას, 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრების, კოვიდცენტრების და სხვა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი კოვიდის ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, მაგალითად იყო უცხოეთში, მასპინძლობდა უცხოელს ან იყო კონტაქტში საეჭვო პაციენტთან, შეუძლია მიმართოს 112-ს, ის გადაამისამართებს მას ყოველგვარი შეფერხების გარეშე ოჯახის ექიმთან. მიაქციეთ ყურადღება, არა ზოგადად ნებისმიერ ოჯახის ექიმთან, რომელიც 2000-ზე მეტია ქვეყანაში, არამედ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმების სეგმენტთან, სადაც სპეციალური ტრენინგავლილი ოჯახის ექიმები არიან. ისინი სატელეფონო ინტერვიუს ჩაუტარებენ პაციენტს და თუ დარწმუნდებიან, რომ ეს ჩივილი არ არის საშიში, არ არის სავარაუდოდ დაკავშირებული კოვიდთან, მას სთავაზობენ სიმშვიდეს და სახლში ყოფნას, ხოლო თუ არსებობს სულ მცირე ეჭვი კოვიდზე, მას აუცილებლად ამისამართებენ ერთ-ერთ ცხელების ცენტრში. ეს ძალიან საინტერესო რგოლია, ძალიან ორიგინალური მიგნებაა ქართული მედიცინის და სახელისუფლებო ვერტიკალის, რომ ამ ცხელების ცენტრში ხდება ამ პაციენტის ტესტირება კოვიდზე მაქსიმუმ 24 საათის მნაძილზე, მეტხანს არ ყოვნდებიან ეს პაციენტები ცხელების ცენტრში. უფრო ხშირად რეალურად გაცილებით უფრო მოკლე დროში, 8 ან 12 საათის მანძილზე. ამ პაციენტს უდგინდება აბსოლუტური სიზუსტით ის არის კოვიდინფიცირებული თუ არა. თუ არ არის, ბრუნდება სახლში ან გადამისამართდება იმ ექიმთან, ვისთანაც მას სპეციალობით სჭირდება მკურნალობა. თუ კოვიდინფიცირებულია, ის გადამისამართდება კოვიდცენტრში, სადაც მას ასევე უმოკლეს დროში, 24 საათში უტარდება აბსოლუტურად ყველა გამოკვლევა, ენიშნება მკურნალობა და იმყოფება ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ნაკადების მოძრაობის ისეთი სქემა, როგორიც არის საქართველოში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა.

„სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, შეიძლება, ძნელია ამის თქმა, რადგან მთლად ყველა ქვეყანას დეტალურად არ ვიცნობთ, მაგრამ ასეთი კასკადი, ასეთი ნაკადების მოძრაობის სქემა, როგორიც არის საქართველოში, არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არ ვიცი. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ძალიან ეფექტურად, და ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებაა ძირითადად, რომ დღეს საქართველოში არის მსფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობა ავადმყოფებისა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რიცხვი. მე ხშირად ვამბობ, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, რომ ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველოს უკავია 49-ე ადგილი და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და ჩვენზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ეს არის მთლიანად სახელწმიფო ვერტიკალის, ექიმების, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურება“, – განაცხადა ცერცვაძემ.