თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში უკვე იმდენი ტესტი შემოვიდა, რომ სამი დღის შემდეგ გერმანულ სტანდარტზე გადავალთ
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში უკვე იმდენი ტესტი შემოვიდა, რომ სამი დღის შემდეგ გერმანულ სტანდარტზე გადავალთ

საქართველოში უკვე შემოვიდა იმდენი ტესტი, რომ სამი დღის შემდეგ გერმანულ სტანდარტზე გადავალთ, – ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„გადავალთ  არა მოვლის ან მკურნალობის სტანდარტზე, არამედ ტესტირების. ანუ იმდენი ტესტირება გვექნება მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით, რამდენიც იყო გერმანიაში და გერმანიაში იყო ყველაზე მაღალი ევროპაში. რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, ჯერ ჩვენ რამაც გადაგვარჩინა, ეს არის, რომ ძალიან ცოტა იყო ტესტირება, სულ 0.3% იყო მოსახლეობის გამოკვლეული და ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვიყავით ტესტირების რაოდენობის მხრივ, მაგრამ მიზნობრივი გამოყენება ყოველთვის სწორი გვქონდა. ეს მცირე რაოდენობის ტესტები გამოყენებული იყო მაქსიმალური სარგებლიანობით. ვიკვლევდით იმათ, ვისი გამოკვლევაც საჭირო იყო. ვინც მოხვდებოდნენ „ცხელების ცენტრში“, ვისაც აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება, ხველა, სიმპტომები და ვისაც ჰქონდა საეჭვო კონტაქტები სავარაუდო ავადმყოფებთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ტესტების მიზნობრივი გამოყენება გაფართოვდა.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტირებაში ყველა მოხუცთა თავშესაფარი ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა, მიზნობრივი ჯგუფები უნდა გაფართოვდეს და უკვე გაფართოვდა. „ცხელების ცენტრებში“ მოხვედრილ პაციენტებს და იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნება სიმპტომები „კოვიდი-19“-ის და ვინც კონტაქტში იყვნენ საეჭვო პირებთან, დაემატა ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი ნებისმიერი ავადმყოფი, რომელსაც აქვს ფილტვების ანთება და ტემპერატურა. უკვე ყველა მათგანი იტესტება.

გუშინ გვქონდა სერიოზული შეხვედრა და გადაწყდა, რომ ყველა მოხუცთა თავშესაფარი იქნეს გამოკვლეული. ეს ძალიან სერიოზული და ჰუმანური გადაწყვეტილებაა. რადგან ასაკოვან ადამიანებში გაცილებით მაღალია ლეტალობა და თუ ჩვენ ამ მოხუცთა თავშესაფრებს და იმ ადგილებს, სადაც მოხუცები არიან გამოვიკვლევთ, ამით ძალიან კეთილშობილურ საქმეს გავაკეთებთ. მიზნობრივი ჯგუფები უნდა გაფართოვდეს, ჩვენ რეკორდს გამოკვლევებით ვერ დავამყარებთ, თუმცა ამ გამოკვლევების ეფექტურად გამოყენებით უნდა ვაჯობოთ სხვებს. მიზნობრივი გამოკვლევებით“,- განაცხადა ცერცვაძემ.