თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის შემცირების ერთ-ერთი გზა დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი „რემდესივირია“, რომლითაც საქართველოში მკურნალობა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, უფრო შორეულ მომავალში კი ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით „რემდესივირს“ ინფიცირებულებისთვის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ.

„ერთეულით, მაგრამ მაინც გაიზარდა სიკვდილობა. ამის გადაჭრის ერთ-ერთი გზა, რაც მთავრობის ინიციატივით და სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, არის დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტის, „რემდესივირის“ რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა. ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ს აქვს ფუფუნება, რომ ჰქონდეს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის. კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკვე შეძენის პროცესშია ან ცალკეული პარტიები აქვთ შეძენილი.

როგორც ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, უკვე შემუშავებულია მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო ამ მედიკამენტის რიგში დგას. გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა, მათ შორის მოწოდების ბიუროკრატია, ზოგ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება მოწოდებას. აქ გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10, თუ 14 დღეში, ამას კიდევ დავაზუსტებთ, მოწოდება განხორციელდება და სადღაც 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს იმ მოქალაქეების მკურნალობას, ვისაც აქვს მძიმე ან კრიტიკულად მძიმე ფორმა, ყველაფერ იმასთან, რაც აქამდეც იყო – უმაღლესი სტანდარტების ზოგადი თერაპია, სტანდარტული თერაპია, მოვლა და ზოგიერთი ინოვაციური მიდგომა, მაგალითად, პლაზმის გადასხმა, დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება, „რემდესივირი“. ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწოლეობას ორი მსოფლიო ლიდერის, ენტონი ფაუჩის და იენ სლუნდერნის პირადი რეკომენდაციით. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.