თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ხორციელდება
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ხორციელდება

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ხორციელდება, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება ერთიანი, უნიფიცირებული სქემით და ჩვენი შეფასებითა და ვარაუდით, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი იყო, გამოგვეყენებინა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა. ანუ, თითოეული ქვეყნისგან აგვეღო ის, რაც ძლიერი, წარმატებული მხარე იყო და არ გაგვემეორებინა ის შეცდომები, რაც რიგმა განვითარებულმა ქვეყნებმა დაუშვეს. ეს იყო კლინიკური ჯგუფის შექმნის ერთი მიზანი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მეორე მიზანი ის იყო, რომ დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოს ყველა ქალაქში განხორციელებულიყო ერთიანი, უნიფიცირებული, დღესდღეობით, მსოფლიოში საუკეთესოდ მიჩნეული სქემით.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა, ისე მომხდარიყო, რომ სხვადასხვა გამოცდილების, ცოდნისა და შეხედულებების მქონე მედიცინის მუშაკებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი განსხვავებულად წარემართათ და ეს ყოველთვის არ ყოფილიყო ოპტიმალური და შედეგი შეიძლებოდა, უარესი ყოფილიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყენებენ თუ არა საავადმყოფოები მკურნალობის საერთო პროტოკოლს, თუ არის ინდივიდუალური მიდგომებიც.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება.