თენგიზ ცერცვაძე საბავშვო ევროვიზიის ფოსთქარდში და სანდრა გადელიას საჩუქარი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზიის 2020 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას ფოსთქარდი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს უკავშირდება.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის ფოსთქარდები, რომლებიც ყველა ქვეყნისთვის დამზადდა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის მადლობის გადახდას ისახავს მიზნად და კონკურსანტებისგან, მადლიერების ნიშნად, მათთვის საჩუქრის გადაცემას მოიაზრებს.

საქართველოს შემთხვევაში, ფოსთქარდი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს უკავშირდება. საჩუქარი სანდრა გადელიამ თენგიზ ცერცვაძეს გადასცა. მომღერალმა ექიმს, სიმბოლურად, პირბადე აჩუქა, რომელზეც საბავშვო ევროვიზიის ლოგოა გამოსახული.

საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია მე-7 ნომრად გამოდის. ქართველი კონკურსანტი ასრულებს გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone). პანდემიის გამო, საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი განსხვავებულია. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში იმართება.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv-ზე არის შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ყურების შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს, მათ შორის საქართველოს. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ყველა სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით.