თენგიზ ცერცვაძე - რთული ეპიდვითარების მიუხედავად, საქართველო სიტუაციის მართვას ახერხებს, მოსახლეობას შეუძლია, დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი
თენგიზ ცერცვაძე - რთული ეპიდვითარების მიუხედავად, საქართველო სიტუაციის მართვას ახერხებს, მოსახლეობას შეუძლია, დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სიტუაციის მართვას ახერხებს.

„ბოლო პერიოდში აღინიშნება დრამატული მატება ახალი შემთხვევების. რაღაც მომენტში რაოდენომამ 5 000-მდე მიაღწია და შემდეგ შემცირდა. დღევანდელს რაც შეეხება, 3 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა და გარდაცვლილია 34 ადამიანი, ესეც დამაიმედებელი ფაქტია. მიუხედავად შემთხვევების ასეთი კატასტროფული ზრდისა, გარდაცვლილთა რიცხვმაც მოიმატა, ეს იწვევს მოსახლეობის შეშფოთებას და შიშს. თუ დავაკვირდებით, გარდაცვალების შემთხვევების დასტაბილურება ხდება 30- 40 -ს შორის. რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ პანდემიაა მთელს მსოფლიოში. ამ სტუაციაში საქართველო, მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახერხებს ძნელად, შეფერხებებით, დაგვიანებით, ხარვეზებით, თუმცა მაინც ახერხებს სიტუაციის მართვას. რა იგულისხმება ამაში. მართალია, ადგილი აქვს ტესტირების და პასუხის დაგვიანებას, 112 -თან დაკავშირებით დაგვიანებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურება ყოველთვის ოპერატიულად ვერ ხდება, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია გართულებულია და რაც მთავარია, კლინიკაში ადგილები ზოგჯერ არასაკმარისია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მძიმე პაციენტის მოთავსება, მაგრამ ეს ხარვეზები არის პირობითი, შეფარდებითი, ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში. ეს შეიძლება ითქვას, ნაკლები შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ უნდათ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩვენც გვინდა, მაგრამ უნდა შევხედოთ სინამდვილეს თვალებში, რომ საქართველოში ეს პროცესები იმართება უკეთესაც, ყოველ შემთვევაში არაუარესად, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების დრამატული მატებისა, საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არ არის.

„როგორც საბოლოო შედეგი ამისი გახლავთ ის, რომ საქართველოში მიუხედავად შემთხვევების დრამატული მატებისა, მიუხედავად გარდაცვალების შემთხვევების მატებისა, ვინარჩუნებთ „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პროცენტულად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელია 0. 92 პროცენტი, ასეთი პროცენტი ან უფრო ნაკლები აქვს ევროპასა და ამერიკაში მხოლოდ სამ თუ ოთხ ქვეყანას, ყველა დანარჩენ ქვეყანას, ჩვენზე უფრო განვითარებულ და ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემიის ქვეყნებს, გარდაცვალების პროცენტი გაცილებით მაღალი აქვთ. ეს არის ყველაზე სარწმუნო პერიოდი იმისა, რომ ყველა სიძნელის მიუხედავად, საქართველოში კლინიკური მართვა აი, ამ გახშირებული შემთხვევების, ხორციელდება სწორად, ეფექტურად და მოსახლეობას შეუძლია, დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი