თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში კოვიდცენტრების მენეჯერებსა და მედიკოსებს შეხვდა
თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში კოვიდცენტრების მენეჯერებსა და მედიკოსებს შეხვდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში, კოვიდცენტრების მენეჯერებსა და მედიკოსებს შეხვდა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქუთაისელ კოლეგებთან შეხვედრის მიზანს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მისივე თქმით, შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, იმ კლინიკებს და ქალაქებს, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია, სადაც ყველაზე მეტი მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფია, გავუზიაროთ გამოცდილება და გავუწიოთ საკონსულტაციო დახმარება. ეს ქუთაისში პირველი ვიზიტი არ არის, ადრეც ვყოფილვართ, ხშირად ვართ ბათუმში, გორში, მცხეთაში, ყველგან. კლინიკები თანდათან იძენენ გამოცდილებას. ქუთაისის კლინიკებს უკვე აქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება და ჩამოყალიბდნენ ძალიან მაღალი დონის კლინიკებად, მაგრამ კოვიდი ისეთი ვერაგი და ცბიერი ინფექციაა, რომ მსოფლიოში ბოლომდე ჯერ ვერავინ გამოიცნო. ამიტომ ასეთ შეხვედრებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ დიდი გამოცდილება, ის გართულებები, რომელიც ზოგჯერ ვითარდება, რომლის ახსნა ზოგჯერ ძნელია. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ შევამციროთ სიკვდილის შემთხვევები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს. ჩვენთან არის 58 გარდაცვლილი, რაც ჩვენთვის ჟღერს როგორც ბევრი, რომ გადახედოთ სხვა ქვეყნების სტატისტიკას, ეს არის საოცრად დაბალი რიცხვი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უახლოეს 2-3 კვირაში საქართველო პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს, რომელიც „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ გამოიყენება.