თენგიზ ცერცვაძე - ორივე კომპანიას, რომლებმაც შექმნეს მონოკლონური ანტისხეულები, საქართველო მიაჩნია დამსახურებულ ქვეყნად, რომ ერთ-ერთმა პირველმა, უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით მიიღოს პირველი პარტია
თენგიზ ცერცვაძე - ორივე კომპანიას, რომლებმაც შექმნეს მონოკლონური ანტისხეულები, საქართველო მიაჩნია დამსახურებულ ქვეყნად, რომ ერთ-ერთმა პირველმა, უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით მიიღოს პირველი პარტია

მონოკლონური ანტისხეულებიდ ერთი დოზა ღირს ორი ათასი დოლარი, გერმანიამ იყიდა 400 მილიონად ორასი ათასი დოზა, ჩვენ თუ ამას უფასოდ შემოგვთავაზებენ ფონდების საშუალებებით, ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შედგა კომუნიკაცია ორ კომპანიასთან, რომლებმაც შექმნეს მონოკლონური ანტისხეულები. ცერცვაძის განმარტებით, აღნიშნული კომპანიები საქართველოს მიიჩნევენ დამსახურებულ ქვეყნად, რომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს მედიკამენტები, ამასთან, აწარმოებენ საქმეს, რომ პირველი დოზის მიღება უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით მოხდეს.

„კარგად შესწავლილი და იმედის მომცემია მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ამერიკაში შექმნა ორმა ფირმამ. ახლახანს სამხრეთ კორეამ. ეს ის მედიკამენტებია, რომლებიც თავის დროზე ტრამპს გაუკეთეს და საერთოდ მონოკლონური ანტისხეულებია მკურნალობის მომავალი. მინდა, გავაკეთო სასიხარულო განცხადება, რომ სამივე ეს კომპანია, უფრო სწორად ორივე, ამერიკული კომპანია და სამხრეთ კორეული კომპანია გამოვიდა კავშირზე საქართველოსთან, იყო ტელეხიდები. ამერიკიდან დაგვიკავშირდა ამ კომპანიის რეგიონული ხელმძღვანელობა, ხოლო კორეული ფირმიდან ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა კორეის ელჩი და ეს ტელეხიდი შედგა სამინისტროში ამერიკულ მხარესთან. ორივე ქვეყნის ტექსტი არის ერთნაირი: ჩვენ ვიცით თუ რა წარმატებით უმკლავდება საქართველო კოვიდინფექციას, ვიცით საქართველოს წარმატებები „კოვიდის“ მართვაში და ამიტომ გვინდა, ეს მონოკლონური ანტისხეულები, ვიწყებთ რა მის დანერგვას მსოფლიოში და მათ მიაჩნიათ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ და ღირს ქვეყანად, რომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანას შორის გვინდა იყოს საქართველო და შემოგვთავაზეს უნიკალური ამბავი, რომ ისინი აწარმოებენ საქმეს, რომ პირველი პარტია საქართველოს მიაწოდონ უფასოდ ან ძალიან დიდი ფასდაკლებით, ბილ გეითსის ფონდის დახმარებით და სხვა ფონდების დახმარებით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შედგა პირველი კომუნიკაცია, რათა გაეგოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობისა და კორონავირუსის მართვაში ჩართული გუნდის აზრი მონოკლონურ ანტისხეულებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მოსაზრება, რა თქმა უნდა, დადებითია. წარმოიდგინეთ, ერთი დოზა ღირს ორი ათასი დოლარი, გერმანიამ იყიდა 400 მილიონად ორასი ათასი დოზა. ჩვენ თუ ამას უფასოდ შემოგვთავაზებენ ფონდების საშუალებებით, ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის. რაც შეეხება კორეულს, მე ვიცი ამირან გამყრელიძისგან, რომ კორეის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ მისი სიმპათია იმდენად დიდია საქართველოსა და მისი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურის მიმართ, რომ უნდა, საქართველო იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს მედიკამენტს. ჯერ ორივე მოლაპარაკება დაიწყო ახლა. მონოკლონური ანტისხეულები არის მკურნალობის ყველაზე პროგრესული მეთოდი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.