თენგიზ ცერცვაძე - მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მომენტი დადგა
თენგიზ ცერცვაძე - მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მომენტი დადგა

მოდის აპრილის ბოლო, როდესაც პიკს ვუახლოვდებით და არის იმის წინაპირობაც, რომ ეს პიკი როგორმე არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„მე დავესესხები ჩემი კოლეგის, ბატონი დავით გადელიას ნათქვამს, რომ ეს პიკი როგორმე არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო. არის ამის წინაპირობაც, შემდეგ – დაახლოებით, ორი-სამკვირიანი პლატო და შემდეგ დაღმასვლა. დღეს ეს სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ეპიდემიის გავრცელების ტემპი საგანგაშო არ არის და პირიქით, დაბალი ციფრები ფიქსირდება, მაგრამ მისივე თქმით, გარანტიების მიცემა არავის შეუძლია, რომ მაგალითად, მაისის ბოლოსთვის ეპიდსურათი აუცილებლად კარგი იქნება.

„როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.