თენგიზ ცერცვაძე - „მთავარმა არხმა“ საუკუნის აღმოჩენა გააკეთა, ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ „კოვიდ-19“-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა დააბრალო ხელისუფლებასა და ექიმებს
თენგიზ ცერცვაძე - „მთავარმა არხმა“ საუკუნის აღმოჩენა გააკეთა, ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ „კოვიდ-19“-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა დააბრალო ხელისუფლებასა და ექიმებს

ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ „კოვიდ-19“-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა დააბრალო ხელისუფლებასა და ექიმებს, რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „მთავარმა არხმა“ საუკუნის აღმოჩენა გააკეთა“.

„20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები?! „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით (რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ), მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში და სთავაზობენ მათ, რომ სერიოზული თანხის (10 000 ლარი) სანაცვლოდ, თანხმობა განაცხადონ იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად „კოვიდ-19“ დასახელდეს?!

წლების განმავლობაში მე სხვადასხვა ტელევიზიისგან, მათ შორის იგივე „მთავარი არხისგან“ სხვადასხვა დროს უამრავი ტყუილ-მართალი მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ, ამ განცხადებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ „კოვიდ-19“-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა (და ისიც ამ გზით) დააბრალო ხელისუფლებასა და ექიმებს?! რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად და ქვეყანას, რომელსაც მთელს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს, თან იმდენად ცოტა, ვინმემ მართლა რომ მოინდომოს ამ გზით გარდაცვლილთა რაოდენობის საშუალო ევროპულ დონემდე გაზრდა, ამისთვის „მთავარი არხის“ ტარიფით – 10 000 ლარი ერთ მიცვალებულზე, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება. ესეც რომ არ იყოს, გაუგებარია, რაში აწყობს ხელისუფლებას არჩევნების გადადება და ისიც ასეთი გზით, მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ახლა აქვს, რაშიც თავისი მცირე წვლილი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამაც შეიტანა.

მახსენდება კონცეფცია, რომელსაც ჰიტლერსა და ჰებელსს მიაწერენ – „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“, მაგრამ ვფიქრობ, თვით ჰიტლერისა და ჰებელსის ფანტაზია ასე შორს ვერ წავიდოდა.

ვინც ამ სიუჟეტს უყურა, ყველა ნახავდა, თუ რა ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა მისი ყველა მონაწილე, „ექსპერტების“ ჩათვლით, რომლებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ თუ რამხელა ტყუილს ამბობდნენ. იმ პოლიტიკოსებისაც არ მესმის, რომლებიც მთელ იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ხელისუფლებას „კოვიდ-19“-ით სიკვდილობის ხელოვნურად გაზრდაში ამხელენ.

მე მესმის, რომ „მთავარი არხი“ ხელმძღვანელობდა პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებებს“, მაგრამ მინდა, შევახსენო მათ, რომ ამ შემთხვევაში „საშუალებების“ შერჩევა მაგრად შეეშალათ, რადგან ასეთი ტყუილის შემდეგ მათ, ალბათ სიმართლესაც კი არავინ დაუჯერებს.

და ბოლოს, მთელ ამ სახალისო ისტორიაში ერთი ძალიან სერიოზული დანაშაული იკვეთება – ყალბი მტკიცებულებების შექმნა (მხედველობაში მაქვს რესპონდენტებისგან სასურველი ინფორმაციის მოპოვება), მაგრამ ამის გარკვევა და შეფასება ჩვენს კომპეტენციას სცილდება“, – აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

დატოვე კომენტარი