თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას, ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო იძულებული გახდება, ისევ შემოიღოს შეზღუდვები
თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას, ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო იძულებული გახდება, ისევ შემოიღოს შეზღუდვები

ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4-5 000, რაც არის კატასტროფა. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ნელი ტემპი თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები.

„პირადად მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა დადის კარდაკარ, არსად, არც ერთ ქვეყანაში ეს არ კეთდება და ცდილობს, დაარწმუნოს ვაქცინაციაში. მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 4-5 000, რაც არის მიზერი, კატასტროფა. აქედანაც მეორადი აცრებია ძირითადად. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას, თავის სიცოცხლის რისკებს ზრდის და საბოლოო ჯამში, ქვეყანას. ვინაიდან, თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. მეორე, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ. საშინელი გავლენა მოახდინა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ანტივაქსერი ექიმის განცხადებებმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა კორონავირუსზე ტესტები გახდეს ფასიანი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ჯერ არ მოხდება.

„არა, ფასიანი ჯერჯერობით არ გახდება, მერე ვნახოთ. ორნაირი რეაგირება შეიძლება მოახდინოს სახელმწიფომ – გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მე მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე კლინიკური სექტორი მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობს, თუმცა, მისივე თქმით, მარტო კლინიკური სექტორის თავგანწირული მუშაობის იმედად დიდხანს ქვეყანა ვერ იქნება.

„შემთხვევები იზრდება. ამ სიტუაციაში ძირითადი დარტყმა მოდის კლინიკურ სექტორზე. ჯანდაცვის სისტემამ უჩვენა დაუჯერებელი მდგრადობა, როდესაც თითქოს ყველაფერი მოწყობილია ქვეყანაში ისე, რომ განგებ ვცდით ჩვენს ბედისწერას და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაიზარდოს შემთხვევები. ამაზე მეტს მტერი ვერ გაგვიკეთებდა. კლინიკური სექტორი მაქსიმალურად ეფექტიანად და დატვირთვით მუშაობს და აკეთებს ყველაფერს, რომ შედეგები იყოს ნაკლებად სავალალო. ექიმები გაათმაგებული ენერგიით მკურნალობენ ავადმყოფებს. ჩვენ შემოვიტანეთ უკვე ორი ახალი მედიკამენტი და ერთ კვირაში შემოგვაქვს კიდევ ორი ახალი მედიკამენტი. უახლოეს დღეებში მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რეგულაციებზე აღსრულება და პირველ რიგში, პირბადის ტარებაზე, გამკაცრდეს. მარტო კლინიკური სექტორის თავგანწირული მუშაობის იმედად დიდხანს ქვეყანა ვერ იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.