თენგიზ ცერცვაძე - მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ გარკვეული რეგულაციები უნდა დავიცვათ
თენგიზ ცერცვაძე - მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ გარკვეული რეგულაციები უნდა დავიცვათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის მხრივ, ტურიზმზე ნაკლები, მაგრამ მაინც სერიოზული პრობლემა ტრანსპორტის ამუშავებას უკავშირდება.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მუდმივად ვერ დარჩება და მიაჩნია, რომ, პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს.

„მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ტურიზმის გახსნა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას, ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა,  ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს, პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზეც“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის შეფასებით, შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ გარკვეული რეგულაციების დაცვით.

„კერძოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა: მოინიშნოს სკამები, სადაც შეიძლება მგზავრების დაჯდომა. ანუ ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად ვთქვათ 50 ან 100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი. მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი. დავიწყოთ ამით. თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ კოვიდ ინფექციის და აღარ იქნა კერა, ვისგანაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, შემდეგ შეიძლება, ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას. ასე რომ, მე მაინც ყველაფერს ვუყურებ ოპტიმისტურად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.