თენგიზ ცერცვაძე - მე აზიურ-ევროპული მოდელის მომხრე ვარ, რომელიც ძირითადად აგებულია ინფექციის შეკავებაზე
თენგიზ ცერცვაძე - მე აზიურ-ევროპული მოდელის მომხრე ვარ, რომელიც ძირითადად აგებულია ინფექციის შეკავებაზე

არავინ იცის, კორონავირუსზე იმუნიტეტი მყარი იქნება, თუ საერთოდ არ დატოვებს იმუნიტეტს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის ეთერში“ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, არსებობს კორონავირუსთან ბრძოლისის ბრიტანული და აზიურ-ევროპული მოდელი, რომელიც მიდგომებით ერმანეთისგან განსხვავდება.

აზიურ-ევროპული მოდელი ძირითადად აგებულია ინფექციის შეკავებაზე, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. ბრიტანული მოდელი უშვებს, რომ იგი გავრცელდეს მოსახლეობაში, თუმცა უმთავრესი ზრუნვის საგანი ასაკოვანი ადამიანები ხდებიან. ინგლისში პირდაპირ ამბობენ, რომ 50 მილიონი ადამიანი დაინფიცირდება და ამაზე დიდად ნუ ვინაღვლებთ.  ბრიტანული მოდელი საზღვრების ჩაკეტვის ნაცვლად, ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს მხოლოდ მოწყვლად ჯგუფზე, მოხუცებზე, სადაც მეტია ლეტალური გამოსვალი. უზრუნველყონ მათი დაცვა, იზოლიერება და პრევენცია. დანარჩენებმა გადაიტანონ, როგორც ადრე ბავშვს სახადი გადაჰქონდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ბრიტანეთის მსგავსი მიდგომა გერმანიას აქვს.

„ბრიტანეთს ამ მხრივ ერთადერთი ქვეყანა, გერმანია ჰგავს, სადაც მერკელმა თქვა, რომ შესაძლოა, მოსახლეობის 60-70 პროცენტით კორონავირუსით დაინფიცირდეს, თუმცა მათ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათო. მერკელს მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ ამას ნიშნავდა. ამის გამო ანგელა მერკელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ხოლო ევროპა და აზია შეკავების მომხრეა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის ევროპა-აზიური მოდელის მომხრეა.

„ბრიტანული მოდელი დამღუპველი იქნება. მე ევროპა-აზიური მოდელის მომხრე ვარ.  ასეთ მკაცრ ხაზს ვერავინ გაატარებს და ასაკოვნებიც დაუცველები დარჩებიან. ახალგაზრდებიც ხომ მივლენ ასაკოვნებთან, 50 მილიონი ინგლისელი რომ ავად გახდება? ასაკოვნებთან მოსავლელად ვიღაც ხომ უნდა მივიდეს? ამასთან, არავინ იცის კორონავირუსზე იმუნიტეტი მყარი იქნება, ნახევრად მყარი, თუ საერთოდ არ დატოვებს იმუნიტეტს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე უცნობია, გამოუმუშავდება თუ არა ადამიანს კორონავირუსის შემდეგ იმუნიტეტი.

„სეზონური გრიპის დროს ჩვეულებრივ 300-600 ათასი ადამიანი იღუპება. ამას მსოფლიო საზოგადოება ისე აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. ეს იმ შემთხვევაში გაამართლებდა, თუ ამ 50 მილიონს მყარი იმუნიტეტი დარჩება და მას შემდეგ წლებში არ დაემართება, როგორც წითელა. მაგრამ გრიპი მყარ იმუნიტეტს არ იძლევა, მხოლოდ 60-70 პროცენტით გიცავს და არა 100 პროცენტით. კორონავირუსმა შესაძლოა სწორედ ასეთი იმუნიტეტი დაგიტოვოს და არა მყარი. უფრო მეტიც, შესაძლოა სულ არ დატოვოს მყარი იმუნიტეტი და იმ 50 მილიონი ადამიანის დასნებოვნება ტყუილად შეგრჩეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.