თენგიზ ცერცვაძე - მცხეთის კლინიკა საქართველოში მოქმედ კოვიდ-კლინიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამართულია, მათ რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გადაარჩინეს
თენგიზ ცერცვაძე - მცხეთის კლინიკა საქართველოში მოქმედ კოვიდ-კლინიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამართულია, მათ რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გადაარჩინეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ყველაზე მეტი, 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი მძიმე პაციენტია

„დღეს საქართველოში 12 კოვიდ-კლინიკა მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი არის მცხეთის კლინიკა. ჩვენ ყველა კლინიკაში სულ ცოტა ორჯერ ვართ ჩასული, რათა კოორდინირება გავუკეთოთ მკურნალობისა და მოვლის საქმეს, ყველა პაციენტმა მიიღოს მკურნალობა ყველაზე უფრო თანამედროვე და ეფექტური სქემებით, რაც ალბათ ხერხდება და ალბათ ამიტომ არის, რომ საქართველოს გარდაცვლილების  ყველაზე მცირე რაოდენობა აქვს.

დღეს იმიტომ ავირჩიეთ მცხეთა, რომ ბოლო დროს ეპიცენტრმა გადმოინაცვლა ამ კლინიკაში. დღეს მათ ჰყავთ ყველაზე მეტი პაციენტი – 37, ყველაზე მეტი მძიმე და კრიტიკული პაციენტიც. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა კლინიკისთვის. ჩვენი შეფასებით, მცხეთის კლინიკა დღეს საქართველოში მოქმედ კოვიდ-კლინიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამართულია და მკურნალობის და მოვლის აქაური ხარისხი არის ყველაზე მაღალი, რაც ენთუზიასტი კოლექტივის ძალიან დიდი დამსახურებაა, მათ გადაარჩინეს რამდენიმე პაციენტი, რომლის გადარჩენის იმედიც არ გვქონდა. ორი პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ იმ ფონზე, როცა მძიმე პაციენტების დიდი თავმოყრა შეიმჩნევა მცხეთის კლინიკაში, ეს არის მინიმალური რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.