თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოში დადასტურებული სამი შემთხვევიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაკავშირებულია ირანის ქალაქ ყუმში მოგზაურობასთან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.​

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ ორ მამაკაცს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, სამივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

„ამ დილით მივიღეთ პასუხი გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით, რომლითაც დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა ახალი კორინავირუსით. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იმოზაურა ირანის ქალაქ ყუმში. ეს მესამე შემთხვევა ანალოგიურია პირველი შემთხვევის. ისიც იყო საქართველოს მოქალაქე, მანაც იმოგზაურა ქალაქ ყუმში, ასე, რომ ეს უკვე სერიოზული კერაა და ყველა იქიდან ჩამოსული პაციენტი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. სამი დადასტურებული შემთხვევიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაკავშირებულია ქალაქ ყუმში მოგზაურობასთან.

საბედნიეროდ, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება – 37.1 გრადუსამდე. ამ ორს მამაკაცს კი, არანაირი კლინიკური სიმპტომები, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება. მიუხედავად ამისა, ისინი იმყოფებიან ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგისა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, კორონავირუსი ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ზოგჯერ უსიმპტომოდ, ის შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი იმყოფება.

„მათგან ველოდებით 20 -ის პასუხს. დანარჩენი 14-დან რამდენიმეს პასუხი ცნობილია, მაგალითად, ინფიცირებული სამი პაციენტის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დღეს დადასტურდა.