თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები

შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„ამას თავიდანვე ვამბობდით, რომ შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს დღეებში შემთხვევათა ზრდის იმაზე მეტ დინამიკას, ვიდრე ეს აქამდე იყო.

მისი თქმით, კლინიკებში მდგომარეობა სტაბილური და კარგია.

„ჩვენი კლინიკები გამართულად მუშაობენ. მათ რესურსი საკმარისი აქვთ. ჯერ „კოვიდ 19“-სთვის უკვე გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით, 450-ია მაშინ, როდესაც პაციენტი სულ 130 გვყავს. ამიტომ, კლინიკები ჯერ სერიოზული რეზერვით მუშაობენ. მათ შეუძლიათ, სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ და შემდეგ, როცა ეს საკმარისი არ იქნება, არსებობს გეგმა „ბე“ და გეგმა „ცე“, რომელიც უკვე 1 000, 2 000 და 3 000 საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რეკომენდაციებს მისცემს იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკების გადატვირთულობის შემთხვევაში შესაძლოა, სახლის პირობებში მოუწიოთ მკურნალობა, როგორც ეს სხვა ქვეყნებში უკვე ხდება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯერ ამის საჭიროება არ დგას, მაგრამ თუ მაინც დადგება, ამაში საგანგაშო არაფერია.

„მინდა, მცირე განმარტება გავაკეთო. როდესაც ჩვენი ჯანდაცვის ხელმძღვანელები აკეთებენ განცხადებას, რომ ეს ასე იქნება, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს უკვე ახლა ხორციელდება. მათ თქვეს, რომ ეს საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება. იცით, ეს უცხოეთში რატომ ხორციელდება?! იქ იმდენი ავადმყოფი ჰყავთ, რომ ჯანდაცვის ძალიან კარგად განვითარებული სისტემის მიუხედავად, არ ჰყოფნით ადამიანური, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომ ექიმმა ყველა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მართოს. აი, ამიტომ აირჩიეს ეს გზა, თორემ ამ გზას თავისი მინუსებიც აქვს. ეს არ არის იდეალური ვარიანტი.

ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვიდრე საქართველოს საწოლების და ექიმების რესურსი ეყოფა, მანამდე, მსუბუქი და შედარებით მსუბუქი პაციენტები მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდნენ. იმედი მაქვს, ეს შემთხვევა არ დადგება, მაგრამ პაციენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუმკურნალებთ ბინაზე, თუ ამას საწოლების და ექიმების რესურსი არ ეყოფა. ეს არავითარ საფრთხეს არ შეიცავს და საგანგაშო არ არის, ვინაიდან საქმე ეხება ყველაზე მსუბუქ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე ფაქტიურად, არ ემუქრება და, რომელთა მართვა ბინაზეც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს მკურნალობის მეთოდის მიმართ მიდგომა არ შეუცვლია და პაციენტთა მკურნალობა დღემდე იგივე სტანდარტით გრძელდება.

„პირიქით, კიდევ ერთი დადასტურება მივიღეთ იმისა, რომ მკურნალობის ჩვენ მიერ პირველივე დღიდან არჩეული ტაქტიკა სწორია. სულ ორი დღის წინ, აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაციაა, ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია იმ მედიკამენტებს, რომლითაც ჩვენს პაციენტებს ვმკურნალობდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.