თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შესაძლოა, მედიკამენტმა მოასწროს, პრინციპში, ორივეს ხანგრძლივი გამოცდა სჭირდება
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შესაძლოა, მედიკამენტმა მოასწროს, პრინციპში, ორივეს ხანგრძლივი გამოცდა სჭირდება

შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.

„ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდება ეფექტური სამკურნალო მედიკამენტი და ისიც ძნელი სათქმელია, ვაქცინა დაასწრებს თუ მედიკამენტი. პრინციპში, ორივეს სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, მაგრამ, სავარაუდოდ, შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავა პანდემია. თუ პანდემია ისეთი გზით და მასშტაბებით წავიდა, როგორც ახლა მიდის, ანუ მზარდი ტენდენციით, ძალიან სერიოზული ზარალითა და ძალიან სერიოზული პრობლემებით, რაც მან მსოფლიოს შეუქმნა, მაშინ ეს კვლევები დაჩქარდება, უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული და. შესაბამისად, მედიკამენტიც და ვაქცინაც, ან ორივე ერთად უფრო ადრე გამოჩნდება. ეს, ჩემი ვარაუდით, დაახლოებით, შემოდგომაზე იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, თუ პანდემიის მიმდინარეობაში სტაბილიზაცია და მისი დაღმასვლით გაშვება მოხერხდა ან თვითონ ვირუსმა გამოავლინა სეზონურობა და პანდემია ისეთი ძალიან სერიოზული პრობლემების შემქმნელი აღარ იქნა, როგორც დღეს არის მსოფლიოსთვის, მაშინ, სავარაუდოდ, კვლევა კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება, მაგრამ არა ასე ექსტრემალური მობილიზებით და ეფექტური სამკურნალო მედიკამენტის გამოჩენა შესაძლებელია ერთი წლის ფარგლებში.

„მე დავასახელებდი ორ თარიღს – პანდემიის ასეთი მძიმე მსვლელობის შემთხვევაში ეს იქნება შემოდგომა, ხოლო პანდემიის შერბილების, ან მისი დაღმავალი გზით წასვლის შემთხვევაში – ეს იქნება ერთ წელიწადში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.