თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის

კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

მისი თქმით, ეს არის კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც ადამიანში მანამდე არ იყო აღმოჩენილი.

„სავარაუდოდ, ის იყო ან ცხოველებში, ან მოხდა ადრე არსებული კორონავირუსის მუტაცია, მისი ანტიგენური ბუნების შეცვლა. მან შეიცვალა ბუნება და ადამიანისთვის გადამდები გახდა. უფრო ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსი ბუნებაში არსებობდა. უბრალოდ, ადამიანებს არ ასნებოვნებდა. საიდან გაჩნდა? ისევ ვარაუდობენ, რომ ამ ვირუსის რეზერვუარი ღამურაა და თავდაპირველი წყარო ის არის. შემდეგ ასახელებენ, რომ შუალედური წყარო შეიძლება, იყოს პანგოლინი. ეს არის ჭიანჭველაჭამია ან შეიძლება, ზოგიერთი სხვა ცხოველი იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ მაყურებლის შეკითხვას უპასუხა, საიდან გაჩნდა კორონავირუსის ბოლო სახეობა და რას წარმოადგენს ის. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ადამიანებში ამ ინფექციის პირველად გავრცელებას ჩინეთის ქალაქ უხანის ერთ-ერთი ბაზრიდან პროდუქტების მოხმარებას უკავშირებენ და, სავარაუდოდ, ეს პროდუქტები იყო ინფიცირებული.

„ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რა გზით იყო ინფიცირებული ეს პროდუქტები, უშუალოდ ღამურის ფეკალიებით თუ სხვა შუამავალი ცხოველებით, მაგრამ ფაქტი ერთია, გადაცემა მოხდა ცხოველიდან ადამიანზე. შემდგომში, უკვე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა და ამის შემდეგ ვირუსმა სწრაფი გავრცელება დაიწყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაყურებლის შეკითხვაზე, განადგურდება თუ არა კორონავირუსი ავტომატურად, როცა გარემოს ტემპერატურა 25-26 გრადუსს მიაღწევს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს მთელ მსოფლიოს აინტერესებს და აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი.

„ერთნი ვარაუდობენ, რომ პრეცედენტული მიდგომით, თუ სხვა რესპირაციული ვირუსები და მათგან ყველაზე ცნობილი გრიპის ვირუსი დათბობის შემდეგ კლებისკენ მიდის, კორონავირუსის შემთხვევაშიც ასე იქნება. ნახევარი მსოფლიო ფიქრობს, რომ კორონავირუსიც ასე მოიქცევა, ვინაიდან ისიც რესპირაციული ვირუსია, ხოლო მეორე ნახევარი ფიქრობს და ამტკიცებს, რომ კორონავირუსი სეზონური არ იქნება და დათბობის პერიოდი მასზე არ იმოქმედებს, რადგან კორონავირუსი გრიპის ვირუსისაგან გენეტიკურად აბსოლუტურად განსხვავებული ვირუსია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.