თენგიზ ცერცვაძე - ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული პერიოდიდან „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, თუმცა მსოფლიოში ჯერ არ იყო აღიარებული მისი ეფექტურობა
თენგიზ ცერცვაძე - ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული პერიოდიდან „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, თუმცა მსოფლიოში ჯერ არ იყო აღიარებული მისი ეფექტურობა

ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული პერიოდიდან „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, თუმცა ჯერ მსოფლიოში არ იყო აღიარებული მისი ეფექტურობა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიკამენტტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა დაადასტურა. რომ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ შეამცირა კოვიდინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ასევე მათი ჰოსპიტალში დაყოვნების დრო.

„დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებულ, ძალიან სოლიდურ კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა რეანიმაციაში მყოფ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებზე მკურნალობისას დაკვირვებას, მედიკამენტმატოცილიზუმაბმა“ აჩვენა, რომ ამ მედიკამენტმა 24 პროცენტით შეამცირა სიკვდილიანობა და დაახლოებით, 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ვადა. ინგლისის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინგლისის ყველა კლინიკა მოამარაგოს ამ მედიკამნეტით.

ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ პანდეემიის ადრეული პერიოდიდან, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, ვიყენებდით მთელ რიგ ინივაციურ მიდგომებს, იგივე „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, მაგრამ არ იყო მსოფლიოში აღიარებული მისი ეფექტურობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში აღნიშნული მედიკამენტით რამდენიმე ავადმყოფს უმკურნალეს.

„რამდენიმე ავადმყოფებზე ძალიან წარმატებით გვაქვს გამოყენებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 83 წლის ავადმყოფთან, რომელსაც მაისში ჩაუტარდა მკურნალობა. ეს იყო ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი, რომელზეც არანაირი სხვა სამკურნალო საშუალება არ მოქმედებდა და ამ მკურნალობის შედეგად გადარჩა.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მეთოდი, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებთ და რომელსაც ყველა არ აღიარებდა და პირიქით, ზოგიერთი გვაკრიტიკებდა ამ მეთოდის გამოყენების გამო, დადასტურდა. ახლა დიდი ალბათობით, FDA მას მისცემს რეკომენდაციას ფართო გამოყენებისთვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება უნდა მოხდეს არაუადრეს 10 დღისა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დამძიმდება.

„კოვიდ-19“-ის მიმდინარეობაში გამოყოფენ ორ ფაზას: ვირუსულს, რომელიც 10 დღეს გრძელდება და იმუნურ ფაზას, რომელიც 10 დღის შემდეგ დგება. სწორედ იმუნური ფაზის დროს არის ეფექტური ეს „ტოცილიზუმაბი“, როდესაც პაციენტს უვითარდება არა ვირუსული ფილტვების ანთება და არა ვირუსული ინფექცია ადრეულ სტადიაზე, არამედ მოგვიანებით სტადიაზე, როდესაც ვირუსული ფაზა ჩამთავრებულია და პაციენტს აქვს გამოხატული იმუნური ფაზა, რომელიც უფრო ხშირად იწვევს სასიკვდილო გამოსავალს, ვიდრე ვირუსული ფაზა. „ტოცილიზუმაბი“ უნდა მიეცეს სწორედ 10 დღის შემდეგ, დამძიმების შემთხვევაში. ეფექტიანია კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა საქართველოში ახლა უკვე ფართოდ დაინერგოს „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების პრაქტიკა.

„ოთხი ავადმყოფი გვყავს ნამკურნალები ამით. ჩვენთან არც ერთხელ გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, ალბათ იმიტომ, რომ ყურადღებით ვარჩევდით ისეთ პაციენტებს, რომელსაც უკუჩვენება არ ჰქონდა. ჩვენ ფართოდ ვერ ვიყენებდით ამ მეთოდს, ვინაიდან არ იყო ჯერ საერთაშორისო თანხმობა. პროტოკოლში ისედაც იდო, მაგრამ იდო ასე: გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია. ახლა ჩვენ შეიძლება გავაფართოვოთ ეს ჩვენება. ძალიან ფართოდ მაინც ვერ გამოვიყენებთ, ეს არის ძლიერმოქმედი, მას აქვს უკუჩვენებები. ეს მედიკამენტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კლინიკებში“, – განაცხდა ცერცვაძემ.