თენგიზ ცერცვაძე - ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე „დელტა“ შტამი, დაკვირვებას და პასუხს რამდენიმე კვირა დასჭირდება
თენგიზ ცერცვაძე - ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე „დელტა“ შტამი, დაკვირვებას და პასუხს რამდენიმე კვირა დასჭირდება

არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. ჩვენ არ ვიცით, „ომიკრონი“ რაიმე მაჩვენებლებით იქნება თუ არა უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე თუნდაც „დელტა“ შტამი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ყველას აინტერესებს, იქნება თუ არა „ომიკრონი“ უფრო გადამდები, ვიდრე „დელტა“, გამოიწვევს თუ არა ის უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას და მესამე – ხომ არ იქნება ეს შტამი მიუწვდომელი ვაქცინაციის შედეგად წარმოშობილი იმუნიტეტისთვის, ანუ დაგვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან.

„ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ არ არსებობს. დაკვირვებას და პასუხს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ჯერ, წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რომ დიახ, „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი. მეორე – სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე „დელტა“-შტამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მძიმე დაავადების გამოწვევის უნარი და სიკვდილობის მეტი პროცენტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უფრო იოლი გადამდებობა და სწრაფი გავრცელება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად, ან ნაწილობრივ, მაინც დაიცავს „ომიკრონისშტამისგანაც.

თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტი „რემდესივირი“ და ორი ახალი მედიკამენტი, რომელიც მზადაა და მალე უნდა გამოვიდეს, სხვა მექანიზმებით იწვევს ვირუსის გამრავლების შეწყვეტას და ძალიან დიდი ალბათობით, ამ შტამზეც თითქმის 100%-იანი გარანტიით იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც „დელტა“-შტამზე.