თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებში არანაირი მინიშნება არ ყოფილა ე.წ. სამ მუშკეტერზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით
თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებში არანაირი მინიშნება არ ყოფილა ე.წ. სამ მუშკეტერზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით

მინისტრის ცნობილ განცხადებებში არანაირი მინიშნება არ ყოფილა ჩემზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით, მოკლედ რომ ვთქვათ, ე.წ. სამ მუშკეტერზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ვიცი, რომ საქართველოში, არაიშვიათად მოქმედებს პრინციპი, ცნობილი ფრაზა – „დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“ და ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ ამჟამად, ჩემი ემოციები და გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უსამართლობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. დიახ, გაკეთდა მინისტრის ცნობილი განცხადებები, რომ კლინიკებს მილიარდი ლარი გადაეცა, რომ იქ ყველაფერი არ იყო მიზნობრივად და ა.შ, თუმცა იქ არანაირი მინიშნება არ ყოფილა ჩემზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით, მოკლედ რომ ვთქვათ, ე.წ. სამ მუშკეტერზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ ადამიანების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია აწარმოა საზოგადოებისა და მასმედიის გარკვეულმა ნაწილმა, კერძოდ კი ერთ-ერთმა გაზეთმა, რომელიც ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა.

„გაზეთმა, რომელსაც პრეტენზია აქვს ასე თუ ისე რესპექტაბელობაზე, გადალახა უზნეობის ყველა ზღვარი და ყვითელი პრესისთვისაც კი დაწესებული წითელი ხაზები, როდესაც ცალმხრივად, ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავს და დაუზუსტებია, არც მინისტრისთვის არაფერი უკითხავს, დაეყრდნო რა მხოლოდ ვინმე ზვიად ტომარაძისა და მისი მრევლის მოსაზრებებსა და ჩვენებებს, რომელიც ყველამ კარგად იცის, რა კატეგორიის ხალხია, როგორია მათი მრწამსი და რას წარმოადგენენ, უაპელაციოდ, ყველაზე მეტი მძიმე ბრალდებები გადმოიტანა ჩვენზე, ჩემზე და ჩემ კოლეგებზე. პირდაპირ განაცხადეს, რომ ჩვენ მივითვისეთ ეს უზარმაზარი თანხა. სიტყვა-სიტყვით, მე და ჩემი ორი კოლეგა გამოგვაცხადეს, როგორც ბოროტმოქმედები და ცრუ პანდემიის შემოქმედები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, როდესაც ცდილობ, ძალიან სერიოზული სიკეთე გააკეთო და ყველაფერი ასე უკუღმა გიბრუნდება, ეს ძალიან ძნელია და განცხადება ამიტომ გააკეთა, რომელიც გარკვეულწილად, ემოციური იყო.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ტოვებს თუ არა თანამდებობას, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება.

„საზოგადოების ეს ნაწილი იმდენად მცირეა, რომ მე მსგავსი განწყობები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში და ვერც ყოფით პირობებში, ელემენტარულად, მაღაზიასა და ქუჩაში. საზოგადოების მხრიდან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა. ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, არამედ ეს ხალხი უნდა ტოვებდეს სამსახურს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან და სთხოვა თუ არა მან თანამდებობაზე დარჩენა, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში მოგზაურობდა, მასთან ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა და პირველი შესაძლებლობისთანავე, ალბათ შეხვედრაც ექნება.

„რაც შეეხება თხოვნას, ბავშვები არ ვართ, რომ ერთმანეთს რამე ვეხვეწოთ. მან განმარტა, რომ ეს ერთი წამითაც არ უგულისხმია და თვითონ ჩემზე არანაკლებ გაკვირვებულია. შესაბამისად, ჩემ მიერ აღებული ვალდებულებების მიტოვება ახლა იქნება ღალატი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, ნანობს თუ არა ამ ცნობილი განცხადების გაკეთებას, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ არ ნანობს, რადგან ამის თქმა საჭირო იყო, რათა საზოგადოებას სიმართლე გაეგო.

დატოვე კომენტარი