თენგიზ ცერცვაძე - გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მოიხსნება, ყველა გზა აქეთ მიდის
თენგიზ ცერცვაძე - გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მოიხსნება, ყველა გზა აქეთ მიდის

გადაადგილებაზე შეზღუდვაც სავარაუდოდ მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ გადაადგილებაზე შეზღუდვაც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის აზრით, საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება.

თუმცა, როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, მანამდე, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა იყოს, მაგრამ ის განვლილი ეტაპებისგან განსხვავებით, მსუბუქი იქნება.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი. მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე. ზაფხულში თუ გავუძლებთ და არ შევამცირებთ პირბადეების გამოყენებას, პირბადეების მასობრივი ხმარება იქნება, დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის არ იქნება შესამჩნევი. ხოლო ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული. დარჩება ერთეული შემთხვევები, ერთეულ შემთხვევებს ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ კლინიკური სექტორი ისე იოლად გაუმკლავდება, რომ ის ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაზე გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.