თენგიზ ცერცვაძე - „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, როგორც უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების შესაძლო სიხშირის, ისე ეფექტის მხრივ, ერთ დონეზე დავაყენებდი
თენგიზ ცერცვაძე - „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, როგორც უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების შესაძლო სიხშირის, ისე ეფექტის მხრივ, ერთ დონეზე დავაყენებდი

მე ერთ დონეზე დავაყენებდი „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, როგორც უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების შესაძლო სიხშირის, ისე ეფექტის მხრივ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, არ უნდა იყოს ისეთი მოლოდინი, რომ ვაქცინირებული ადამიანი გარანტირებულია და მისი ინფიცირება არ მოხდება.

„ვაქცინა ყველაზე მეტად ამცირებს მძიმე შემთხვევებს, კრიტიკულ შემთხვევებს, სიკვდილობას და შემდეგ, სიმპტომურ ინფექციებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ვაქცინაცია საფრთხეს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, კოვიდ ინფექცია გადაიტანეს, მაგრამ ამის შესახებ არ იციან, რადგან მათ შემთხვევაში პროცესი უსიმპტომოდ წარიმართა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„კატეგორიულად არა. ვინც იცის, რომ ინფექცია გადაიტანა, მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ ვაქცინაცია მათთვისაც დასაშვებია და შესაბამისად, დასაშვებია მათთვის, ვინც ისე გადაიტანა, რომ არც იციან, ვინაიდან უსიმპტომო პერიოდი ჰქონდათ და მწვავე პერიოდი არც ჰქონიათ. მათთვის ვაქცინაცია არანაირ წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ეს რომ ასე არ იყოს, მსოფლიოში გაცილებით სხვანაირი კონტროლი იქნებოდა. იცით, რამდენი ადამიანია, ვინც გადაიტანა და არ იცის?! ასეთი ძალიან ბევრია, ორჯერ და სამჯერ მეტი და ამ ხალხს სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, სპორტ-დარბაზებში და მარკეტებში რომ ცრიან, ასე ხომ არ იქნებოდა?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მიმდინარე აქტიური კოვიდი აქვს, მაგრამ უსიმპტომო, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე ყველანაირი დაავადება ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენებაა.

„ნებისმიერი აქტიური ინფექცია არის ნებისმიერი ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენება და არა მარტო კოვიდისთვის. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს მიმდინარე კოვიდი აქვს, ვაქცინაცია არ შეიძლება. ამიტომ არის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც განმეორებითი ვაქცინაციისთვის მინიმალური დრო დააწესეს, 28 დღე მაინც დააწესეს. იმიტომ, რომ ის 28 დღე შეიძლება, მიმდინარე აქტიური კოვიდი იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რამე მედიკამენტი, რომლის მიღებისგანაც ვაქცინაციამდე ერთი, ან ორი დღით ადრე თავი უნდა შევიკავოთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ასეთი მედიკამენტი პრაქტიკულად, არ არსებობს.

მეტაბლოკერებს ვინც იღებს, ვაქცინაცია კარდიოლოგთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, შეიძლება თუ არა, ეს მეტაბლოკერი რამდენიმე დღით მოიხსნას. არა იმიტომ, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან, რომ გართულების მეტი შანსი აქვთ. არა, უბრალოდ, თუ მათ გართულება ამ ანაფილაქსიური რეაქციის ტიპით განუვითარდათ, ის, ვინც მეტაბლოკერს იღებს, ადრენალინის ეფექტი შესაძლოა, ამ დროს საკმარისი არ იყოს. თუ პაციენტი მეტაბლოკერს იღებს, მისი მოხსნა არ შეიძლება და ვაქცინაციაზე ასე მიდის, მან კონსულტაცია ალერგოლოგ-იმუნოლოგთან უნდა გაიაროს, რათა პერსონალი, ვინც ცრის, მზად იყოს იმისთვის, რომ შესაძლოა, ადრენალინის ეფექტი ისეთი არ იყოს, როგორიც უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სხვა მედიკამენტების გამოყენება იყოს საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა მედიკამენტები არ მახსენდება, რომელიც შეიძლება, ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენება იყოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.