თენგიზ ცერცვაძე - ევროპის 50 ქვეყანას ჩვენზე მეტი ინფიცირებული ჰყავს
თენგიზ ცერცვაძე - ევროპის 50 ქვეყანას ჩვენზე მეტი ინფიცირებული ჰყავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ, ევროპის 53 ქვეყანას შორის 50-ე ადგილი უკავია.

„ჩვენზე მეტი ინფიცირებული ჰყავს ევროპის დანარჩენ 50 ქვეყანას. ლუქსემბურგს ორი ათასზე მეტი ავადმყოფი ყავს და სულ 300 ათასი მოსახლეა. ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1 500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე, ასეულ ათასობით და ათეულ ათასობით ითვლება უკვე ავადმყოფები და გარდაცვლილებები“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით კი საქართველო ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით 109-ე ადგილზეა.

„თუ ავიღებთ მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი. ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება ჩვენ არც კი ვიცით. ეს არის ეგზოტიკური სახელმწიფო, ტროპიკული სახელმწიფოები, რაღაც მცირე კუნძულები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ისიც არ ვიცით. ეს განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებებმა, მხედველობაში მაქვს ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ყველაფერში და ასევე საქართველოს მთავრობით, პირადად გიორგი გახარიათი, რომელმაც გარკვეული დროის წინ, ორი კვირის წინ, თავის ხელში აიღო პირდაპირი მმართველობა ამ პრეკრიზისული სიტუაციის. მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი