თენგიზ ცერცვაძე - დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება
თენგიზ ცერცვაძე - დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება

მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება, ვაქცინის შემოტანა მოხდება ეტაპობრივად, უწყვეტად, შეფერხებების გარეშე. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე, მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად, მოსახლეობის 60% აიცრება, – ამის შესახსებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით 1 600-700 000 მოქალაქის ვაქცინაციაზე.

„რიგი ტექნიკური მიზეზების გამო ვაქცინის შემოტანამ დაიგვიანა; თებერვლის ბოლოს იგეგმებოდა და სავარაუდოდ, ორი-სამი კვირით გადაიწია. ახლანდელი ინფორმაცია დამაიმედებელია. რამდენადაც ვიცი, ძალიან ინტენსიურად წავიდა მოლაპარაკებები როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ასევე ორმხრივი მოლაპარაკებები მწარმოებელ ქვეყნებთან და სავარაუდოდ, პირველი პარტია- 40 000 დოზის, ეს იქნება „ასტრაზენეკა“, შემოვა კოვაქვს პლატფორმიდან, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში, მესამე კვირაში. ეს უკვე ხელმოწერილია, გადაწყვეტილია და როგორც ვიცით, წინ არაფერი არ უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარალელურად ძალიან ბევრი ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და კეთდება.

„ამის პარალელურად, ძალიან ბერი კარგი ხელშეკრულება ან ხელმოწერილია ან კეთდება. ეს არის იგივე კოვაქვს პლატფორმიდან „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა, რომელზეც დღეს იყო სატელეფონო საუბარი; ასევე ორმხრივ მოლაპარაკებას აწარმოებს ჩვენი მთავრობა ინდოეთში სერუმის ინსტიტუტთან, ასევე „ასტრაზენეკა“ რომ შემოიტანონ, თუ არ ვცდები, 150 000 დოზა და ესეც ძალიან ახლოს არის გადაწყვეტასთან. რაც ყველაზე კარგი ინფორმაციაა საქართველოსთვის, მართალია დაიგვიანა 2-3 კვირით ვაქცინამ, მაგრამ აწყობილია გარანტირებული მექანიზმები იმისი, რომ პირველი დოზის შემოტანის შემდეგ უწყვეტად შემოვიდეს შემდეგი დოზები,  რა თქმა უნდა, ეტაპობრივად და სადღაც სამ მილიონ ნახევარი დოზა სხვადასხვა მწარმოებლიდან იგეგმება წლის ბოლომდე. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა რამდენადაც ვიცი ამერიკულ კომპანია „ნოვოვაქსთან“, რომელიც ახლა შემოდის ბაზარზე, სადღაც ივნისში შემოვა ბაზარზე და აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინას. მილიონ დოზაზე არის ამ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული. ასე რომ, 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება ვაქცინის შემოტანა, შემოტანა მოხდება ეტაპობრივად, უწყვეტად შეფერხებების გარეშე და წლის ბოლომდე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 60%  უნდა აცრილიყო, ეს არის დაახლოებით 1 600-700 000 მოქალაქე, 100%-ით შესრულებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.