თენგიზ ცერცვაძე - ცალსახად ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი
თენგიზ ცერცვაძე - ცალსახად ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი

ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნა, სამედიცინო ჩვენებით გამართლებული იქნება, რომ მწვანე პასპორტის გაცემის აუცილებელი პირობა იყოს ვაქცინაციასთან ან „პისიარტესტთან ერთად არა ზოგადად კოვიდგადატანილის სტატუსი, არამედ ბოლო ექვს თვეში გადატანილი კოვიდის სტატუსი, როგორც ეს არის საზღვარგარეთ.

„რა გამოვა ახლა, საზღვარგარეთისთვის საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი კოვიდპასპორტი, რადგან იქ ცალსახად წერია, რომ ბოლო ექვს თვეში გადატანილი იძლევა მწვანე პასპორტის უფლებას, ხოლო შიდა მოხმარებისთვის უნდა გვქონდეს სხვა პასპორტი, სადაც ნებისმიერ დროს გადატანილი კოვიდი იძლევა მწვანე პასპორტს. შესაძლოა, ამ ჩემს მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს, რადგან ორივეს ჰყავს მოწინააღმდეგე. ერთი იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს მიეცეს – ამას ეწინააღმდეგებიან უფრო სპეციალისტები, უფრო საქმეში ჩახედული ხალხი და უფრო ისინი, რომლებიც მეტად ფიქრობენ, რომ ქვეყანა დაიცვან კოვიდის გავრცელებისგან, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. უნდა მიეცეს მწვანე პასპორტი მათ, ვისაც ბოლო ექვს თვეში აქვს გადატანილი კოვიდ, მაგრამ მეორე მხარეც არის უკმაყოფილო. თუ ეს შემოიღეს, მაგრამ უკმაყოფილო დარჩებიან ისინი, ვინც გადაიტანეს კოვიდი და ვისაც უნდათ, რომ ჰქონდეთ გაფართოებული უფლებები, არ უნდათ რომ ჰქონდეთ შეზღუდული, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ოდესღაც გადაიტანა კოვიდი და პრეტენზია აქვს, რომ ჰქონდეს მწვანე პასპორტი, მაგრამ ეს იქნება თავის მოტყუება. ამიტომ ჩვენ ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა, ჩვენ ეს იმისთვის გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანები, დავიცვათ ერთმანეთი და ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ შევამციროთ მაღალი სიკვდილობა. მე ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა. რაც შეეხება უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც მწვანე პასპორტის ამოქმედება უნდა მოხდეს, ამაზე რთულია ლაპარაკი. მოლებში არა, რადგან ადამიანი ძალიან დიდხანს არ რჩება, ის მოძრაობს და თუ დააკვირდებით, მოლებში ყველაზე კარგად იცავენ პირბადის ტარების წესს. მოლებში მე, ფაქტობრივად, უპირბადოდ ადამიანი არ მინახავს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რთულია, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკრიმინაციას, რომ ადამიანი ვერ იმგზავრებს ტრანსპორტით, ასე რომ ჯერ მივეჩვიოთ იმ ჩამონათვალს, რომელიც არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.