თენგიზ ცერცვაძე - ბუნებრივია, რომ საქართველოში ამერიკული კონტაქტებით ინფიცირებულები გაჩნდნენ, ეს პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია
თენგიზ ცერცვაძე - ბუნებრივია, რომ საქართველოში ამერიკული კონტაქტებით ინფიცირებულები გაჩნდნენ, ეს პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ე.წ. ამერიკული კლასტერია გამოკვეთილი, რაც მსოფლიოში არსებულ ტენდენციას პასუხობს.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ამერიკა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა.

აქედან გამომდინარე, ცერცვაძის განმარტებით, ბუნებრივია, რომ საქართველოში ახლა უკვე ამერიკული კონტაქტებით ინფიცირებულები გამოვლინდნენ.

„ამ ბოლო დროს სწორედ ამერიკული კლასტერი გამოიკვეთა. ეს პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია. თუ ადრე ჩინეთისა და კორეის შემდეგ ეპიდემია იტალიაში მძვინვარებდა, შემდეგ ევროპაში, ახლა ყველაზე სწრაფი ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება. გუშინ 7 ათასი ახალი შემთხვევა ჰქონდათ და საერთო რაოდენობით ამერიკა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ამიტომ ბუნებრივია, თუ ადრე ჩვენთან ინფიცირებულები იყვნენ ძირითადად ირანული, იტალიური, ფრანგული და ესპანური კონტაქტებით, ახლა უკვე გაჩნდნენ ამერიკული კონტაქტებით. ჩვენთან ოთხი პირი იყო მოთავსებული. მათგან ორი ერთი ოჯახის წევრი, ორი სხვა, ცალ-ცალკე პირები. მარნეულის შემთხვევისგან განსხვავებით, მათი კონტაქტები ცნობილია. ისინი შესწავლილია ან შეისწავლება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.