თენგიზ ცერცვაძე - ბოლო პერიოდში ისეთი მძიმე პაციენტები გადარჩნენ დროზე დაწყებული მკურნალობით, ეს რომ მოსახლეობამ გაიაზროს, ერთი კაცი არ დარჩება, ვისაც სიმპტომები დაეწყება და ტესტს არ გაიკეთებს
თენგიზ ცერცვაძე - ბოლო პერიოდში ისეთი მძიმე პაციენტები გადარჩნენ დროზე დაწყებული მკურნალობით, ეს რომ მოსახლეობამ გაიაზროს, ერთი კაცი არ დარჩება, ვისაც სიმპტომები დაეწყება და ტესტს არ გაიკეთებს

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად გაათმაგდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„აქ რამდენიმე ფაქტორია გამომწვევი. ერთი ის, რომ მსოფლიოში და ევროპაში მატების ტენდენციაა. ახლა მოგზაურობის პერიოდია, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში დაინფიცირდა და იქიდან ჩამოვიდა ინფიცირებული. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ნელ-ნელა, დრო რომ გადის, ძალას კარგავს იმუნიტეტი, რომელიც „კოვიდის“ მიმართ მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულ ფენას ჰქონდა გამომუშავებული, ზოგს ვაქცინაციის შედეგად, ხოლო ზოგს გადატანილი და არაერთგზის გადატანილი კოვიდინფექციების შედეგად. შესაბამისად, იმუნური ფენა რომ მცირდება, ესეც ხელს უწყობს შემთხვევების მატებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, „ბი ეი 5“ ქვეშტამი უკვე საქართველოშიც დომინანტია.

„ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმის, რომ შემთხვევები იმატებს. ამ ქვეშტამებს აქვთ მეტი უნარი, რომ დაუსხლტნენ იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ გამომუშავებული „დელტა“ შტამის, ან „ომიკრონის“ „ბი ეი 1“-ის და „ბი ეი 2“-ის მიმართ. გარდა ამისა, ამ ბოლო შტამს, „ბი ეი 4“-სა და „ბი ეი 5“-ს ახასიათებს უფრო მეტი გადამდებლობა და უფრო იოლი გავრცელება, ვიდრე „ომიკრონის“ წინა შტამებს ახასიათებდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს რჩევა მისცა, სიმპტომების შემთხვევაში, კოვიდტესტი გაიკეთონ, რაც შეიძლება ჩქარა შედგეს კომუნიკაცია ოჯახის, ან ონლაინკლინიკის ექიმთან და შესაძლოდ მალე დაიწყონ მკურნალობა „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“, რომლით მკურნალობაც უკეთესია პირველ სამ დღეში  – პირველ, მეორე და მესამე დღეს.

„პაქსლოვიდი ან რემდესივირი უნდა მიიღონ 65 წელს ზემოთ ასაკის პირებმა, იმის დამოუკიდებლად, სიმძიმე როგორია და აქვთ თუ არა სხვა დაავადებები; მეორე, მათ, ვინც არის 65 წელს ახალგაზრდა, მაგრამ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, იქნება ეს გულსისხლძარღვთა სისტემა, ფილტვის, ნერვული სისტემის და განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იმუნოსუპრესიული მდგომარეობები. მხოლოდ ამათ უნდა მიიღონ, სხვებს არ სჭირდება და კიდევ, მსოფლიო და ჩვენს გაიდლაინში ჩაწერილია შემთხვევები, რომ როდესაც ავადმყოფი არც ერთ ამ ჯგუფს არ ეკუთვნის, მაგრამ დაავადება მძიმედ მიდის. თუ სამი დღე ნარჩუნდება 38-ზე მეტი ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივ სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, აი, მაშინ უნდა მიიღოს „პაქსლოვიდი“, ოღონდ ექიმის გადაწყვეტილებით. ჩვენ ასე ვიქცევით და ჯერჯერობით, წარმატებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს დღეს აბსოლუტურად ეფექტიანი მკურნალობა აქვს.

„ჩვენ დღეს ეფექტიანი მკურნალობა გვაქვს, აბსოლუტურად ეფექტიანი. ბოლო პერიოდში ისეთი მძიმე და დამძიმების პროგნოზის მქონე პაციენტები გადარჩნენ დროზე დაწყებული მკურნალობით, ეს რომ მოსახლეობამ გაითავისოს და გაიაზროს, ერთი კაცი არ დარჩება ისეთი, ვისაც სიმპტომები დაეწყება და ტესტს არ გაიკეთებს. ეს არის გარანტია, ადამიანებო, მოქალაქეებო, თანამემამულეებო, რომ თქვენ არ დამძიმდეთ, არ განიცადოთ ის კოშმარი, რასაც ჰქვია რეანიმაცია და არ დადგეს ლეტალური შედეგი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის განწყობილი ზომების მისაღებად, არც ვაქცინაცია შეიმჩნევა, არც პირბადის ტარების ტენდენცია და ამიტომ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობას სერიოზულად ვერ შევზღუდავთ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, ექსპერტთა საბჭომ მიმართოს საკოორდინაციო საბჭოს, მთავრობას, რომ პირბადის დახურულ სივრცეში ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, საბჭომ მიმართოს, თუმცა მთავრობაში ამაზე ერთგვაროვანი აზრი არ არის, ვინაიდან საზოგადოების დაკვეთაა, პირბადეები არ დაბრუნდეს, ვაქცინაციაც არ გაძლიერდეს და ეს რეგულაციები რომც გამოვიდეს, ისინი სათანადოდ არ შესრულდება.

„ამიტომ, მე პირადად, პირადი გამოცდილების საფუძველზე მიმაჩნია, რომ ჩვენ სერიოზულად ვერ შევზღუდავთ შემთხვევების რაოდენობას. მაშინ რა ვქნათ?! – უნდა გავაძლიეროთ მეორე მხარე. ის, რომ სერიოზულად შევზღუდოთ და დღევანდელივით მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ სიკვდილობა. იმიტომ, რომ დამეთანხმებით, ოჯახებისთვის მტკივნეული „კოვიდით“ გარდაცვალების შემთხვევებია, თორემ თუ ადამიანმა „კოვიდი“ სერიოზული დამძიმების, გართულების და მით უმეტეს, გარდაცვალების გარეშე გადაიტანა, ის მას ავიწყდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული მოსაზრება, რომ „ომიკრონის“ ბოლო შტამების სამიზნე ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებსაც ამ დრომდე არც ერთი შტამი არ გადაუტანიათ, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს ნაწილობრივ მართალია, რადგან ბუნებრივია, ვისაც არც ერთი შტამი არ გადაუტანია, მას იმუნიტეტი საერთოდ არ აქვს და ისინი უფრო მოწყვლადი არიან, მაგრამ ეს აბსოლუტური არ არის.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ უფრო სერიოზული შტამი არ გამოჩენილა და ეს იძლევა იმედს, რომ შესაძლოა, ეს პანდემია სწორედ „ომიკრონის“ შტამით დამთავრდეს.